შალვა პაპუაშვილი: განცხადება, თითქოს განზრახულია „ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა“, უბრალოდ დეზინფორმაციაა
„განცხადება, თითქოს განზრახულია „ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა“, უბრალოდ, დეზინფორმაციაა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხის პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მისი სამართალწარმოების პატივისცემას.
„ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის ინიციირების განზრახვის არადემოკრატიულ ნაბიჯად შეფასება ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, ისე დემოკრატიის პრინციპებს. ხოლო განცხადება, თითქოს განზრახულია „ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა“, უბრალოდ, დეზინფორმაციაა.
იმ ფონზე, როცა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ციხეებში შექმნილი იყო „სისტემური ძალადობის და წამების“ სისტემა, ამ რეჟიმის შემქმნელი პარტიის გამოსარჩლება წარმოადგენს ძალადობაზე დამყარებული მმართველობის დანაშაულებრივი ხასიათის დაკნინებას და სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა მიმართ უპატივცემულობას.
სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენ ამ გულგრილი დამოკიდებულების მომსწრე ვიყავით, როდესაც მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილდებოდა და, რაც კიდევ უფრო გამაოგნებელია, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტში შეხვედრებს მართავდა. მისი დაკავების შემდეგ კი არ წყდება მცდელობები, მათ შორის, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლისგან, სხვადასხვა საბაბით დაიხსნან სააკაშვილი კანონიერი სასჯელისგან.
იგივე ეხება სწორედ პატიმრების წამებისთვის მსჯავრდებულ ზურაბ ადეიშვილს, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირს ხვდება, და მსჯავრდებულ დავით კეზერაშვილს, რომელიც თავს დღემდე ევროკავშირს აფარებს. ქართველი ხალხის პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მისი სამართალწარმოების პატივისცემას, რომლის უმაღლესი სტანდარტი არაერთხელ დადასტურდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.
ამგვარი განცხადებების გაკეთება იმ ფონზე, როდესაც თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს პარტიების მიმართ, სწორი ქცევა არ არის. შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, მხარდაჭერით მეორე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, სასამართლოს დადგენილებით, უკვე წლებია, გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის თვალთვალის და მიყურადების ობიექტია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.