Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა იმდენად არაკვალიფიციურია, მათ შორის გაფართოების მიმართულებით, სერიოზულად ვეღარ ვუყურებთ იმ განცხადებებს, რომლებიც ამ მიმართულებით გვესმის

სასაცილოა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებაზე, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.

პაპუაშვილის თქმით, ქვეყნები როდესაც წევრებიც არ არიან, არიან კანდიდატები და სუვერენული ქვეყნები, ცდილობენ, ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკასთან, საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით ულტიმატუმები დაუყენონ.

„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს აშშ. იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის გაფართოების მიმართულებით, რომ ჩვენ უკვე სერიოზულად ვეღარ ვუყურებთ იმ განცხადებებს, რომელიც ამ მიმართულებით გვესმის. წარმოგიდგენიათ, როდესაც ამას საჯაროდ იტყვის გაფართოების კომისარი, რომ აშშ-ის ადმინისტრაციასთან არ გქონდეთ ურთიერთობა და MAGA სხვა არაფერია, თუ არა ტრამპის პოლიტიკური საყრდენი და მისი ფილოსოფიის მთავარი საყრდენი. საჯაროდ მოუწოდებენ, რომ აშშ-ს ადმინისტრაციასთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ – ამის შემდეგ როგორ შეიძლება, რამენაირად სერიოზულად აღიქვა.

ამას აქვს მეორე განზომილებაც, კონტექსტიც უნდა გავითვალისწინოთ. ეს განცხადება გაკეთდა განსაკუთრებით სერბეთის გასაგონად. სერბეთში მალე იმართება კონფერენცია, რომელიც, მათ შორის მოძრაობა MAGA-ს მონაწილეობით იქნება. ოქტომბერში სერბეთში დანიშნულია არჩევნები. ეს სიგნალიც არის, მათ შორის არჩევნებში ჩარევის ერთ-ერთი მცდელობა, საბაბებს ეძებენ. ხან ეს იქნება ყოფილი ჩინოვნიკის დასაფლავების ცერემონია, ახლა არის „მაგასთან“ ურთიერთობა გექნებათ თუ არა, კონფერენციას ჩაატარებთ თუ არა. ეს არის პირდაპირ ჩარევა კანდიდატი ქვეყნის არჩევნებში.

დარწმუნებული ვარ, დავინახავთ კარგად ბრიუსელის ჩარევის მცდელობებს სერბეთის არჩევნებში ისევე, როგორც მცდელობებს ჰქონდა ადგილი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. ის, რაზეც საუბრობენ ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით და თუკი რაიმე არის ევროპული ღირებულება, ეს მათ შორის არის სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის და ხალხის სუვერენული არჩევნების პატივისცემა, პირდაპირ თელავს დღევანდელი ბრიუსელი იმით, რომ ერევა არჩევნებში. 2024 წლის არჩევნები ამის კარგი მაგალითია, სადაც უხეშად, რასაც თვითონ ეძახიან, „რუსული მეთოდებით“ ჩაერივნენ საქართველოს არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.