Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატავად, რომელიც ფონიჭალაში ტრაგედიამ გამოიწვია, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატავად, რომელიც ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწვია.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ვერცერთი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რომელსაც ისინი განიცდიან.

დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მაშველს, მედიკოსსა და სამაშველო სამუშაოებში ჩართულ ყველა ადამიანს. მათი თავდადება და ადამიანური თანადგომა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს.

ასეთ მძიმე წუთებში კიდევ უფრო მძაფრად ვგრძნობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა.

უფალმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები. ძალა და გამძლეობა მათ ოჯახებსა და ახლობლებს“, - წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებიდან 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.