Loading data...
შალვა პაპუაშვილი დემოგრაფიულ გამოწვევებზე: სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება, რაც უფრო გაიზრდება კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება, შეხედეთ მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკას, მარტივი ჭეშმარიტება ყველამ იცის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, ოჯახები შვილის გაჩენისგან თავს იკავებენ, იმიტომ, რომ დაკავებულები არიან ჯერ კარიერით

„სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება. რაც უფრო გაიზრდება კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება. შეხედეთ მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკას. მარტივი ჭეშმარიტება ყველამ იცის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, ოჯახები შვილის გაჩენისგან თავს იკავებენ. იმიტომ, რომ დაკავებულები არიან ჯერ კარიერით, გეგმავენ. დაგეგმვის კულტურის შემოსვლა ასევე გადადის ბავშვის გაჩენის თუ გაზრდის დაგეგმარებაში. ის, რაც მანამდე იყო სპონტანური, ემოციური, რომ ბევრი შვილი ჰყოლოდათ, დღეს უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებებშია და რაციონალური მსჯელობის დროს შეიძლება ადამიანმა სხვადასხვანაირად დაალაგოს პრიორიტეტები“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დემოგრაფიულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, დემოგრაფიული გამოწვევები მხოლოდ საქართველოს არ აქვს და ეს ზოგადი ტენდენციაა მთელს მსოფლიოში.

„ეს გამოწვევაა, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტები, სამწუხაროდ, არ არსებობს. არის სხვადასხვა პროგრამა, რომლებითაც სახელმწიფო ცდილობს, რომ წაახალისოს ოჯახები, რათა წყვილებმა იფიქრონ შვილებზე. მათ შორის ის, რომ ამ ხელისუფლებამ შემოიღო უფასო ბაღები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო ფასიანი. სკოლები თავისთავად იყო უფასო და უფასო არის. უმაღლესი განათლება გახდა უფასო სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ასევე წახალისებები სხვა მხრივ. ჩვენ, მათ შორის პარლამენტი ამ საკითხზე ყოველდღიურად ვმუშაობთ, თუ რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს იმისთვის, რომ წახალისდეს.

საქართველოს სტატისტიკა გვაჩვენებს ერთ საინტერესო მოვლენას, რომ საქართველოში მესამე და ზემოთ შვილის სტატისტიკა არის მაღალი და სტაბილურად მაღალია. ეს სტატისტიკა არის მას შემდეგ, რაც პატრიარქმა ილია მეორემ თავის დროზე დაიწყო პროცესი მესამე და მომდევნო შვილის მონათვლის. მას შემდეგ ეს სტატისტიკა გაიზარდა და დღემდე არის მაღალი. სამწუხაროდ, დაბალი სტატისტიკაა პირველ და მეორე შვილზე, რაც აჩვენებს, რომ დაოჯახების რაოდენობა ნაკლებია, ან პირველ და მეორე შვილთან დაკავშირებით თავს იკავებენ, ან გვიან შეეძინებათ ხოლმე.

ეს ერთ რამეს გვაჩვენებს, რომ მთავარი მოტივატორი და წინაპირობა, მათ შორის დემოგრაფიული პროცესისა არის არა იმდენად სხვადასხვა ეკონომიკურ თუ ფინანსურ პირობებში, არამედ ეს არის მთავარი ადამიანური მოტივაცია, რომ ოჯახს ჰყავდეს შვილი, გაზარდოს და ა.შ. ამას სხვადასხვა მოტივაცია აქვს, როგორც ემოციური, ისე ეკონომიკური“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქსტატმა დღეს 2026 წლის იანვარ-ივნისის დემოგრაფიული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.