Loading data...
შალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული, მისი მთავარი ღირებულებაა, გარე ჩარევის გარეშე რომ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ხალხისთვის კონკრეტული სარგებლის მომტანი პოლიტიკა

საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

პაპუაშვილი სოციალურ ქსელში 2026 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზს აქვეყნებს.

„მარტო ეს მონაცემიც საკმარისია იმის დასანახად, რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება, მოჰყვეს საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის ბრიუსელის მითითებებზე დაქვემდებარებას. ევროკავშირში დღეს ეს ბევრისთვის ცხადია – ენერგომატარებლების მაღალი ფასები, საწარმოების საზღვარგარეთ გადინება, უმეტეს ქვეყნებში უმუშევრობის ზრდა და ბევრი სხვა პრობლემა.

მოლდოვის მაგალითი ამ განსხვავებას განსაკუთრებით თვალსაჩინოდ აჩვენებს.

მოლდოვამ, რომელსაც 2021 წელს 13,9%-იანი ზრდა ჰქონდა, მას შემდეგ, რაც ეკონომიკური პოლიტიკა ბრიუსელის მოთხოვნებს დაუქვემდებარა, 2022 წელს ჯერ 4,6%-იანი ეკონომიკური ვარდნა განიცადა (მაშინ, როცა იმავე წელს ჩვენ 11%-იანი ზრდა გვქონდა), 2023 წლიდან კი 1%-იანი ზრდის ფარგლებს ვერ გასცდა.

ევროკავშირიდან დაპირებული მილიარდების ფონზეც კი წელს მოლდოვის ეკონომიკა მხოლოდ 1,5%-ით გაიზრდება, რაც საქართველოს 7,2%-იან ზრდასთან შედარებით 5-ჯერ ნაკლებია.

ეს სხვაობა მხოლოდ სტატისტიკა არ არის, მას კონკრეტული ფასი აქვს.

2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 7,2%-ის ნაცვლად მოლდოვის მსგავსად 1,5%-ით რომ გაზრდილიყო, საქართველოს 2027 წლის ბიუჯეტს მინიმუმ 1 მილიარდი ლარი დააკლდებოდა. ცნობისთვის, 2027 წლის ბიუჯეტში პენსიების, ჯანდაცვისა და განათლების დაფინანსებას სწორედ 1 მილიარდი ლარით ვზრდით. ცხადია, რომ დამოუკიდებელი, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე ამ დამატებითი ფინანსური რესურსის მობილიზება გაცილებით რთული იქნებოდა. ისიც ცხადია, რომ ბრიუსელი ამ დანაკლისს არ აანაზღაურებდა – არც პენსიების ზრდას დააფინანსებდა და არც ჯანდაცვის და განათლების ხარჯებს დაფარავდა.

და, ერთიც. რამდენიმე დღის წინ მოლდოვის პრეზიდენტმა სიამაყით განაცხადა, რომ მოლდოვამ სრულად შეწყვიტა რუსეთიდან გაზის იმპორტი და ახლა გაზს ევროკავშირისგან ყიდულობს. ეს ყველაფერი კარგი, თუმცა აქ ერთი დეტალია – 2021 წელს, უკრაინაში ომის დაწყებამდე, მოლდოვაში 1მ3 გაზის ფასი მომხმარებლისთვის 0,65 ლარი იყო, წელს კი 3,75 ლარს მიაღწია. სხვათა შორის, საქართველოში 2021 წელსაც და დღესაც 1 მ3 გაზის ფასი 0,56 ლარია, მოლდოვაზე 7-ჯერ იაფი.

დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული. მისი მთავარი ღირებულება ისაა, რომ შეგვიძლია, გარე ჩარევის გარეშე და ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვაწარმოოთ პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხალხისთვის კონკრეტული სარგებელი მოაქვს.

ეს არის დამოუკიდებლობის უპირატესობა და ის არასდროს უნდა დავთმოთ“,- წერს პაპუაშვილი.