შალვა პაპუაშვილი: ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე - ბრიუსელმა უნდა შეცვალოს ის კურსი, რომელსაც ევროკავშირი კატასტროფისკენ მიჰყავს
„ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე და ჩვენი ძალისხმევა აქეთ არის სწორედ მიმართული, რომ ევროკავშირი არ ასცდეს ევროპულ გზას, რის საწინააღმდეგოდაც ახლა მიდის და როდესაც მოვა მომენტი ევროკავშირში წევრობისა, ჩვენ არ დაგვხვდეს იქ საბჭოთა კავშირი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელმა კურსი უნდა შეცვალოს, რადგან ამ კურსს ევროკავშირი კატასტროფისკენ მიჰყავს.
„[ევროპარლამენტში] რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი, სხვადასხვა საკითხს განიხილავენ და შინაარსში არც შედიან, არ ფიქრობენ, რომ შეიძლება ღილაკზე დაჭერით ხალხების ბედი გადაწყვიტონ. ეს არის სწორედ ცივილიზაციური უფსკრული, საითაც მიაქანებს ბრიუსელი დღეს ევროკავშირს. ეს არის როდესაც უპასუხისმგებლო, არაკვალიფიციური ადამიანების ხელში არის არა მხოლოდ ევროკავშირის ბედი, არამედ სხვა ხალხების თუ ქვეყნების ბედი. ზუსტად იგივე ადამიანები, იგივე სახეები არიან, ვინც ღილაკს აჭერენ ხოლმე ანტიქართულ მტრულ რეზოლუციებს, ისე რომ არც კი ერკვევიან შინაარსში; ხან მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად გვიცხადებენ, ხან რას გვაბრალებენ და ხან რას. ამიტომ ეს არის მწარე გაკვეთილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ ევროკავშირი დღეს სამწუხაროდ არის იმ ძალების ხელში, რომლებიც მას საბჭოთა კავშირად აქცევენ. ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე და ჩვენი ძალისხმევა აქეთ არის სწორედ მიმართული, რომ ევროკავშირი არ ასცდეს ევროპულ გზას, რის საწინააღმდეგოდაც ახლა მიდის და როდესაც მოვა მომენტი ევროკავშირში წევრობისა, ჩვენ არ დაგვხვდეს იქ საბჭოთა კავშირი და საბჭოთა მოსკოვი არ ჩაანაცვლოს საბჭოთა ბრიუსელმა თავისი შინაარსით. ამიტომ, ბრიუსელმა უნდა შეცვალოს კურსი, ამ კურსს კატასტროფისკენ მიჰყავს თავად ევროკავშირი. ეს ჩანს ეკონომიკაშიც, უსაფრთხოებაშიც. მშვიდობის პროექტად შექმნილი ორგანიზაცია დღეს ბირთვული იარაღით აღჭურვაზე საუბრობს. ეს თავისთავად აჩვენებს რა გამოწვევების წინაშე არის ეს ორგანიზაცია. მანამ ეს კურსი არ შეიცვლება ბრიუსელის მხრიდან, რა თქმა უნდა ჩვენ გაგვიჭირდება საერთო ენის გამონახვა საბჭოთა მომავლისკენ მიმავალ ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.