Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ახლა ვიწყებთ პირველ ეტაპს, ჯერ დაკავშირებულ პარტიებზე საუბარი შორს არის, ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით

ჩვენ ახლა ვიწყებთ პირველ ეტაპს. ჯერ დაკავშირებულ პარტიებზე საუბარი შორს არის. ჯერ ვნახოთ, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს სარჩელი, იყოს მსჯელობა. მივიდეთ ჯერ იმ პროცესამდე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ამის შემდეგ ვნახოთ ვინ რა დასკვნას გამოიტანს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა „თუ სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტს შექმნას პარტია, მიიჩნევს თუ არა „ქართული ოცნება“ მას აკრძალული პარტიების მემკვიდრე პარტიად?“

შალვა პაპუაშვილის თქმით, ამჯერად საუბარია სამი პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე და ნაადრევია მსჯელობა მათთან კავშირში მყოფ პარტიების ბედზე.

„ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ, ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვაზე არის ზუსტად ეს, რომ ჩვენ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია, რომელზეც ჩვენ ვიტყოდით, რომ ესენი არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც არ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი იყვნენ. არამედ გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ შემდეგ ვამტკიცოთ, მივიჩნიოთ დაკავშირებულობა ან არ მივიჩნიოთ ჩვენი გადმოსახედიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.