Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ჩავიდა უკრაინაში ბორის ჯონსონი და პირდაპირ უთხრა, არანაირი შეთანხმება, მოდი ვიბრძოლოთ, ფაქტობრივად 4 წელი გავიდა, რაც მისი იქ ჩასვლით ჩაიშალა სამშვიდობო შეთანხმება და დღეს საუბარია უარეს შეთანხმებაზე

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბორის ჯონსონმა 2022 წელს, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ჩაშალა და ბრძოლისკენ მოუწოდა, დღეს კი იმაზე ცუდი შეთანხმებაა განხილვის მაგიდაზე, რაც მაშინ იყო.

„ის უპასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ ბრიუსელის მხრიდან ვხედავთ უკრაინის მიმართ, თქვენ გახსოვთ 2022 წლის აპრილში, პარაფირებული იყო შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის, „სტამბოლის შეთანხმებად“ ცნობილი და გახსოვთ, რომ დავით არახამია, რომელიც მაშინ უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ის პირობები იყო უკრაინისთვის მისაღები.

იმ შეთანხმების პარაფირება მოხდა, თუმცა შემდეგ ჩავიდა ბორის ჯონსონი და პირდაპირ უთხრა, არანაირი შეთანხმება, მოდი ვიბრძოლოთ. ფაქტობრივად, 4 წელი გავიდა ამის შემდეგ, რაც ბორის ჯონსონის იქ ჩასვლით ჩაიშალა სამშვიდობო შეთანხმება და დღეს საუბარია უარეს შეთანხმებაზე. ყოველ შემთხვევაში, იმ შეთანხმებაზე უკეთესი ვარიანტი, რაც ახლა განიხილება, ფაქტია, რომ არც ერთი არ არის.

უფრო მეტიც, იმ შეთანხმებაში საუბარი იყო, რომ ყირიმის საკითხი გადაიწევდა 10-15 წლით და იქნებოდა საერთაშორისო დისკუსიის ნაწილი. იმ შეთანხმებაში, რომელიც რატიფიცირებული იყო ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში, ეწერა, რომ დონბასის და ამ რეგიონის საკითხები გაიყინებოდა და გადაწყდებოდა. დღეს აღარ არის ამაზე საუბარი, ვხედავთ, რომ პირდაპირი მოთხოვნაა დათმოს და დე ფაქტო რუსეთის კონტროლის ქვეშ აღიაროს უკრაინამ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო“.