Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ჩართული ვართ იმაში, რომ რეკომენდაციები და გამოცდილება გავუზიაროთ ევროსაბჭოს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საინფორმაციო ეპოქაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა

ჩვენ, ისევე როგორც სხვა უწყებები, ჩართული ვართ იმაში, რომ ჩვენი რეკომენდაციები და გამოცდილება გავუზიაროთ ევროსაბჭოს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საინფორმაციო ეპოქაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა.

„დიახ, ევროსაბჭო მუშაობს და მინისტრთა კომიტეტს ჰყავს შექმნილი ექსპერტთა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუშაობს უცხოური საინფორმაციო ჩარევის საკითხებზე. ამ მხრივ, ექსპერტთა ჯგუფმა შექმნა გარკვეული დოკუმენტი, რომელზეც მოსაზრებების წარდგენა სთხოვა ევროსაბჭომ მინისტრთა კომიტეტის წევრებს. შესაბამისად, ჩვენ, ისევე როგორც სხვა უწყებები, ჩართული ვართ იმაში, რომ ჩვენი რეკომენდაციები და გამოცდილება გავუზიაროთ ევროსაბჭოს.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საინფორმაციო ეპოქაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ორივენაირი გამოცდილება. ერთი მხრივ, როგორც სამიზნე უცხოური საინფორმაციო ჩარევისა და ზოგადად, ჩარევისა და მეორე, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე კარგი გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვებრძოლოთ ამგვარ ჩარევებს.

ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე წელია ეს ჩარევა ხდება ჩვენს შიდა პოლიტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით. დეზინფორმაცია, სიძულვილის ენის დათესვა, რომელიც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ, ბრიუსელის დაფინანსებით ხდება უმეტეს შემთხვევაში.

ამ სიძულვილის წაქეზებით, დეზინფორმაციით, როგორ მიჰყავთ გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა შემდეგ ძალადობამდე და სახელმწიფოს დემოკრატიის ძირის გამოთხრამდე. ეს გამოცდილებაც ვნახეთ, როგორ ხდება ამგვარი მავნე ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება. ამავე დროს, ვაჩვენეთ, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა იყოს მედეგი ამგვარი ჩარევების წინააღმდეგ. როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, როცა ვებრძვით ამ დეზინფორმაციას და ჩარევებს, ისე საკანონმდებლო რეგულაციებით. ასე რომ ჩვენ ჩვენი გამოცდილება ამ მხრივ გავუზიარეთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.