Loading data...
შალვა პაპუაშვილი: არანაირი ევროკავშირი ჩვენთვის ფასეულობას აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე არ წარმოადგენს, ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს

„არავის არ ჰქონდეს ამის ილუზია, არც შიგნით, არც გარეთ. არანაირი ევროკავშირი ჩვენთვის ფასეულობას აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე არ წარმოადგენს. ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს. არანაირი ევროკავშირში წევრობა საქართველოსი აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე არ იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა წარსულში მედვედევს საიდუმლო წერილი მისწერა და აფხაზეთის გაყოფა შესთავაზა, მსგავსი იდეები კი ახლაც გარე ძალების დაკვეთით და ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირით ხორციელდება.

„მიხეილ სააკაშვილს თავად აქვს მოყოლილი, 2008 წელს თუ არ ვცდები, თქვა, რომ საიდუმლო წერილი მისწერა მედვედევს, პრეზიდენტი იყო უკვე იმ პერიოდში. მან, ფაქტობრივად, შესთავაზა, რომ აფხაზეთი გაეყო, ოჩამჩირე ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, ხოლო დანარჩენი ნაწილი რუსეთის კონტროლის ქვეშ. ეს იდეები მათ თავში დიდი ხანია იხარშება და იხარშება არა მათი შინაგანი წარმოდგენებით, არამედ ეს არის ის, რაც უნდათ, რომ მათი პირით ქართველებს დააჯერონ... ყოველთვის იყო - კონფლიქტური რეგიონებით როგორ გინდათ შეხვიდეთ ნატოში? კონფლიქტური რეგიონებით როგორ შეხვალთ ევროკავშირში?

გავიხსენოთ ეს ორგანიზაციები რას ამბობენ უკრაინაზე, ღიად, საჯაროდ ამბობენ უკვე, რომ ტერიტორიების დათმობა იქნებოდა წინაპირობა უკრაინის სწრაფი წინსვლის და განვითარების. რა მინიშნებები არის მოლდოვასა და დნესტრისპირეთთან დაკავშირებით? სომხეთზე გვარამიამ მოგვახსენა, თუ რა პერსპექტივები გახსნა სომხეთისთვის ყარაბაღის ტრავმის დავიწყებამ, როგორც ამას გვარამია ამბობს. ასე რომ, ეს არათუ პირდაპირ გაცხადებულია და პარალელები ძალიან ადვილი დასანახია, რომ ცდილობენ ეს ჩაგვაწვეთონ გვარამიას და სხვების პირით გარედან, რომ უარი თქვით, ზედმეტი თავის ტკივილი არ გვინდა, რომ მივიღოთ ჩვენს ორგანიზაციაში, იტყვით უარს, გაავლებთ საზღვრებს და მერე გაგეხსნებათ პროგრესი.

მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, არავის ჰქონდეს ამის ილუზია, არც შიგნით, არც გარეთ - არანაირი ევროკავშირი ჩვენთვის ფასეულობას აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე არ წარმოადგენს. ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს. არანაირი ევროკავშირში წევრობა საქართველოსი აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე არ იქნება. დაივიწყოს ყველამ, ამოიღოს ყველამ თავიდან, ამას ვერ შეძლებენ და მათ შორის, რეაქციამ გვარამიას განცხადებაზე, ბარამიძის განცხადებაზე, სააკაშვილის განცხადებაზე რა რეაქციაც მოყვა ის, რომ მოსინჯეს ნიადაგი მათი პირით გარე ძალებმა, რა რეაქციაც ამას მოყვა ქართველ ხალხში, მე მგონი, ყველამ კარგად დაინახა.

ჩვენ რომ ესკალაციისკენ გვიბიძგებდნენ, ვერ ხვდებოდნენ ამ ესკალაციას ყველაზე ცოტა რა მოჰყვებოდა? რომ შეიძლებოდა ამას ანექსია მოჰყოლოდა? ამას ხომ პოლიტოლოგიური განათლებაც არ უნდა, საღი აზრი უნდა უბრალოდ იმის გააზრებას, რისკენაც ისინი გვიბიძგებდნენ, ამის ყველაზე „მცირე“ შედეგი, რაც შეიძლება ყოფილიყო, ეს იქნებოდა ისტორიული ტრაგედია საქართველოსი, რომ მომხდარიყო არა თუ ამ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არამედ პირდაპირი ანექსია“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.