Loading data...
შალვა პაპუაშვილი: „ალდე“ თუ არ გაემიჯნება „ლელოს“, ყოველ ჯერზე, როცა მათი მხრიდან იქნება რაიმე პრეტენზია საქართველოს მიმართ, უნდა ვუთხრათ, რომ არიან ტერორისტების და ქსენოფობიის შემწყნარებელი ალიანსი

„ალდეს“ ოფიციალურად გაცხადებული აქვს, რომ ქსენოფობია და დაყოფა არის ის, რასაც ებრძვიან, ახლა აღმოჩნდა, არათუ ებრძვიან, მათი წევრი არის ქსენოფობიური კამპანიის ავტორი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლევილში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ალდეს“ მეორე შანსი აქვს, გაემიჯრონ ამ პარტიას, თუ არ გაემიჯნება, გვეცოდინება, რომ შემწყნარებელია ქსენოფობიის მიმართ ალიანსი, რომლის ლიდერები არიან – მარტა კოსი, კაია კალასი.

„მე სპეციალურად მაქვს ხოლმე რეაქცია ასეთ მომენტებზე, საჭიროა, ეს მომენტები მოინიშნოს და ყველამ დავიმახსოვროთ, ვინაიდან ეს აჩვენებს ერთ რამეს, როცა გარკვეული ჯგუფები ჩვენ გვესაუბრებიან ევროპულ ღირებულებებზე, ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ჯგუფები ახლოსაც არ არიან გავლილი არათუ ევროპულ, ადამიანურ ღირებულებებთანაც კი.

„ალდეზე“ როდესაც ვსაუბრობთ, მათ წევრებში და წრეში ჰყავთ პარტია „ლელო“, რომელიც ტერორისტის თანამებრძოლია. არ დაგმეს, არ გაემიჯნენ, არ გარიცხეს, მიიღეს შემდეგი ეტაპი. დღეს ვნახეთ უკვე ქსენოფობიური კამპანია, რომელსაც „ლელო“ ჩაერთო სლოგანით – არაბიზაცია, რაც, თავისთავად, ერთი მხრივ, არის აბსოლუტური ტყუილი, სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია, მაგრამ ეს არის ყველაზე აღმაშფოთებელი, რომ სიცრუის კამპანიას აძლევენ მათ შორის ქსენოფობიურ ელფერს. ასე რომ, ვნახოთ ახლა იქნება, თუ არა რაიმე რეაქცია „ალდეს“ მხრიდან. „ალდეს“ ოფიციალურად გაცხადებული აქვს, რომ გახლავთ ლიბერალური პარტია, რომ ქსენოფობია და დაყოფა არის ის, რასაც ებრძვიან. ახლა აღმოჩნდა, არათუ ებრძვიან, მათი წევრი არის ქსენოფობიური კამპანიის ავტორი. ასე რომ, დაველოდებით, მეორე შანსია მათთვის, რომ გაემიჯნონ ამ პარტიას. თუ არ გაემიჯნებიან, ჩვენ უბრალოდ ვიცოდეთ, ეს ალიანსი, რომლის ლიდერები არიან მარტა კოსი, კაია კალასი, მათი პარტია და ალიანსი, შემწყნარებელია ქსენოფობიის მიმართ. დაველოდებით რამდენიმე დღე, მერე უკვე საზოგადოება აქედან საკუთარ დასკვნას გამოიტანს. ყოველ ჯერზე, როცა „ალდეს“ მხრიდან იქნება რაიმე სახის პრეტენზია საქართველოს მიმართ, უნდა მივუტრიალდეთ, ვუთხრათ, რომ არიან ტერორისტების და ახლა თუ რეაგირება არ ექნებათ, ქსენოფობიის შემწყნარებელი ალიანსი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.