შალვა ოგბაიძე: ის ფაქტი, რომ თბილისელებმა კახა კალაძეს მესამედ გამოუცხადეს ნდობა, ყველაფერზე მეტყველებს
 
        „ის ფაქტი, რომ თბილისელებმა კახა კალაძეს მესამედ გამოუცხადეს ნდობა, ყველაფერზე მეტყველებს - დედაქალაქის მაცხოვრებლები კარგად ხედავენ იმ პროგრესს, რომელსაც წლებია კახა კალაძე და მისი გუნდი ასეთი მონდომებითა და დიდი ძალისხმევით აღწევს“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ.
„დაუსრულებლად შეიძლება საუბარი უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე, უპრეცედენტო პროგრამებზე ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში და სხვა და სხვა.
თვალსაჩინოა სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების ეფექტურობა. ავტობუსების და მიკროავტობუსების განახლებული და ეკოლოგიურად სუფთა ერთეულები, რომლებიც საავტობუსო ზოლებში მოძრაობენ და გადაადგილებას კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდიან“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე დაწვრილებით ისაუბრა ავტობუსების პარკის სრულ განახლებაზე, მეტროსადგურებზე, მიკროავტობუსებზე, საბაგიროზე, ტაქსებს 3-ეტაპიან რეფორმაზე, პარკირების ზონების დიფერენციაციაზე ქალაქის უბნების მიხედვით და მოქნილი, ინტეგრირებული მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის დანერგვაზე.
„ბოლო წლებში შეძენილი იქნა 916 ახალი ავტობუსი. სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით შესყიდული იქნა 200 ერთეული ევროპული სტანდარტის მქონე ახალი 18-მეტრიანი M3 კატეგორიის საქალაქო ავტობუსი, დასრულდა 10 სწრაფი სატრანსპორტო დერეფნის მოწყობა, რომელიც ყველა რაიონს ერთმანეთთან აკავშირებს.
მეტროში განხორციელდა ელექტროსადენებისა და გამნიავებელი სისტემის სრული რეაბილიტაცია, შეიცვალა 450-კილომეტრიანი ძალოვანი კაბელი. კაპიტალურად შეკეთდა ვაგონები და დადებულია ხელშეკრულება 12 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე.
2030 წლამდე ექსპლუატაციაში ეტაპობრივად გაეშვება ახალი 111 მეტროს ვაგონი, 14 ერთეული 4-ვაგონიანი და 11 ერთეული 5-ვაგონიანი შემადგენლობა, ახალი მატარებლები იქნება ე.წ. გამჭოლი ვაგონებით.
სრულად განახლდა მიკროავტობუსების პარკი და დედაქალაქს ჰყავს 1000 ახალი მიკროავტობუსი.
რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია ჩაუტარდა და 2024 წელს გაიხსნა რუსთაველის პროსპექტისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი ისტორიული საბაგირო. რეაბილიტაციის შემდგომ გაიხსნა და გადახდის ერთიან ინტეგრირებულ სისტემას დაემატა უნივერსიტეტი მაღლივი კორპუსი - ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა.
წარმატებით განხორციელდა ტაქსების 3-ეტაპიანი რეფორმა და მოხდა პარკირების ზონების დიფერენციაცია ქალაქის უბნების მიხედვით, აგრეთვე დაინერგა მოქნილი, ინტეგრირებული მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემა.
დაანონსებულია ტრამვაის მასშტაბური, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, რაც კიდევ უფრო გაზრდის მუნიციპალური ტრანსპორტის მიმზიდველობას.
წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, მინდა გისურვოთ წარმატება სამომავლო საქმიანობაში ჩვენი დედაქალაქის საკეთილდღეოდ. მჯერა, ერთობლივი ძალებით კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს განვახორციელებთ“, - დასძინა შალვა ოგბაიძემ.
 
            