The Spectator: უკრაინელი ჯარისკაცები იძულებულნი არიან, თავიანთ პოზიციებამდე მისასვლელად ათ მილამდე ფეხით გაიარონ, თუმცა ხშირად გზად სროლისას იღუპებიან - ვინ გადაარჩენს უკრაინელ ჯარისკაცებს პოკროვსკში?
რა უფრო მნიშვნელოვანია - მიწა, თუ ჯარისკაცების სიცოცხლე? უკრაინაში მებრძოლი თითოეული მხარისთვის პასუხი განსხვავებულია. კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინის მიწების ყოველი მეტრი ათიათასობით რუსის სიცოცხლის ტოლფასია. კიევისთვის პრიორიტეტი დამპყრობლების შეჩერება და, ამავდროულად, მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანაა. ამის შესახებ The Spectator-ის სტატიაშია ნათქვამი.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინის სამხედრო სარდლობა ყოველთვის ვერ ახერხებდა ამ ბალანსის შენარჩუნებას, ზოგჯერ კი ჯარისკაცების ალყაში მოქცევასა და ხოცვა-ჟლეტას უშვებდა, დროული უკან დახევის ბრძანების ნაცვლად. დღეს პოკროვსკში ტერიტორიებსა და სიცოცხლეს შორის იგივე არჩევანი კეთდება.
დონეცკის რეგიონში მდებარე ამ გამაგრებული ქალაქისთვის ბრძოლა თითქმის ორი წელია, მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები 2024 წლის თებერვალში ავდეევკას ნანგრევების ხელში ჩაგდების შემდეგ პოკროვსკისკენ დაიძრნენ. ბოლო კვირების განმავლობაში პოკროვსკისთვის ბრძოლამ კრიტიკულ წერტილს მიაღწია, როდესაც სულ მცირე 250 რუსი ჯარისკაცი, მშვიდობიან მოქალაქეებად შენიღბული, ნისლისა და წვიმის საფარქვეშ, უკრაინული დრონებისა და ქვეითი ჯარების მალულად, ქალაქში შეიპარა.
მათ ტანსაცმლის ქვეშ იარაღი და რადიოები ჰქონდათ დამალული და უკრაინელ ჯარისკაცებზე, უპირველეს ყოვლისა კი დრონების ოპერატორებზე, ნადირობა დაიწყეს, რომლებიც ომის ამ ეტაპზე ყველაზე ღირებული სამიზნეები არიან.
რუსი ჯაშუშები ასევე ჩასაფრებულები არიან მათზე, ვინც პოკროვსკისა და მირნოგრადის მიმართულებებით გადაადგილდება. რუსული დრონების მიერ ამ ტერიტორიაზე თითქმის ყველა ლოგისტიკური მომსახურების გათიშვის გამო, უკრაინელი ჯარისკაცები იძულებულნი არიან, თავიანთ პოზიციებამდე მისასვლელად ათ მილამდე ფეხით გაიარონ, თუმცა ხშირად გზად სროლისას იღუპებიან.
უკრაინის სარდლობა პოკროვსკში რუსული ჯარების გარღვევას უარყოფდა, ვიდრე გასულ შაბათ-კვირას ქალაქში ხაფანგში მყოფმა ჯარისკაცებმა მედიას სიმართლე არ გაანდეს. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, კვირა დღისთვის, როდესაც გენერალურმა შტაბმა საბოლოოდ აღიარა, რომ რუსები შიგნით იმყოფებოდნენ, მტრის მცირე ჯგუფები უკვე გადაადგილებულიყვნენ პოკროვსკში და მის ჩრდილოეთ გარეუბანში იბრძოდნენ. უკრაინის არმიის მეთაური ალექსანდრ სირსკი ამ კვირაში დონეცკის რეგიონში ჩავიდა, რათა პირველად პირადად შეხვედროდა ქალაქის დამცველ ბრიგადის მეთაურებს და განაცხადა, რომ მან „მოისმინა მათი წინადადებები“.
თუმცა, როგორც The Spectator-ი იუწყება, შესაძლოა, უკვე გვიან იყოს, რადგან რუს ჯარისკაცებს უკრაინელი სამხედროები პოკროვსკიდან მირნოგრადამდე მონაკვეთში ალყაში ჰყავთ მომწყვდეულები.
უკან დახევის ბრძანების შემდეგ ხოცვა-ჟლეტის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ის არის, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა მცირე ჯგუფებად გაიარონ ფოროვანი ფრონტის ხაზი და მიატოვონ მძიმე ტექნიკა. როგორც ავდეევკაში და უფრო ახლახან რუსეთის კურსკის რეგიონში მოხდა, ზოგიერთს მოუწევს დარჩენა უკან დახევის დასაფარად, რადგან მათ რუსულ ტყვეობაში გარდაუვალი სიკვდილი, ან რამდენიმეთვიანი წამება ემუქრებათ.
მაშინ, როდესაც პუტინი უკვე ზეიმობს გამარჯვებას და უცხოელი ჟურნალისტების ქალაქში შესასვლელად ხუთსაათიანი „ცეცხლის შეწყვეტის“ წინადადებით გამოდის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ ჯარისკაცები ალყაში არ არიან მომწყვდეულები.
„სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება“, - გაიმეორა მან საღამოს ვიდეომიმართვაში.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, რუსეთის ძალებმა ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 170 000 სამხედრო მოსამსახურე განალაგეს, ხოლო უკრაინა დიდი ხანია, ქვეითი ჯარის დეფიციტს განიცდის გადაჭიმული თავდაცვითი ხაზების, მასობრივი დეზერტირობისა და არასაკმარისი მობილიზაციის გამო.
„კიევის საჯარო პოზიციის გათვალისწინებით, უკრაინელი დამცველები ქალაქს იქამდე შეინარჩუნებენ, ვიდრე დიდი დანაკარგების გარეშე უკან დახევა ძალიან გვიანი არ იქნება“, - აღნიშნულია სტატიაში.