სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეფექტიანი პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული არა ფასების ადმინისტრაციულ კონტროლზე, არამედ ბაზრის სტრუქტურული გაუმჯობესებისკენ, გამჭვირვალობის ზრდისა და ღირებულებათა ჯაჭვის ეფექტიანობის ამაღლებისკენ.
დოკუმენტის მიხედვით, საცალო ბაზარი ხასიათდება კონკურენტული დინამიკით და დაბალი კონცენტრაციის დონით, საცალო სექტორის მოგებიანობის მაჩვენებლები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ მიუთითებს გადაჭარბებულ მარჟებზე.
„საქართველოს სწრაფი მოხმარების პროდუქტების სექტორი წარმოადგენს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სოციალურად მგრძნობიარე სეგმენტს, რომლის გავლენა პირდაპირ აისახება როგორც მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ისე ინფლაციის დინამიკაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლევის მიზანია სექტორში ფასების ფორმირების მექანიზმის ანალიზი, ბაზრის სტრუქტურის შეფასება და შესაბამისი პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება.
ძირითადი მიგნებები კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სექტორში ფასის ფორმირება წარმოადგენს კომპლექსურ, მრავალფაქტორულ პროცესს, რომელიც განისაზღვრება ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის - მწარმოებლების, იმპორტიორების/დისტრიბუტორებისა და საცალო ქსელების ერთობლივი გავლენით. შესაბამისად, ფასი არ ყალიბდება მხოლოდ თვითღირებულებაზე ან მარჟებზე დაყრდნობით, არამედ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საბრუნავი კაპიტალის ღირებულებაზე, კომერციულ პირობებზე, ლოგისტიკაზე და გარე ეკონომიკურ ფაქტორებზე.
კომისიის დასკვნის მიხედვით, სექტორის ანალიზი მიუთითებს, რომ საცალო ბაზარი ხასიათდება კონკურენტული დინამიკით და დაბალი კონცენტრაციის დონით; საცალო სექტორის მოგებიანობის მაჩვენებლები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ მიუთითებს გადაჭარბებულ მარჟებზე; ფასის ფორმირების პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს კომერციული ურთიერთობები და საბრუნავი კაპიტალის პირობები; ბაზარზე ფართოდ გამოიყენება მაღალი-დაბალი ფასების (Hi–Lo) მოდელი, რომლის ფარგლებში პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი რეალიზდება ფასდაკლებებით, რაც ნიშნავს, რომ რეალური საშუალო ფასი სისტემურად დაბალია სტანდარტულ (თაროს) ფასთან შედარებით. იდენტიფიცირებული გამოწვევები ძირითადად უკავშირდება ღირებულებათა ჯაჭვში კომერციული ძალების ასიმეტრიას; მაღალი საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნას და გადახდების გახანგრძლივებულ ვადებს; მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობასა და ლოგისტიკურ ხარჯებს; ბაზრის არასაკმარის გამჭვირვალობას, განსაკუთრებით კომერციული პირობების ნაწილში.
როგორც კომისიის დასკვნაშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტორები ერთობლივად ქმნის ფასის ფორმირების სისტემურ გარემოს და ზღუდავს ფასების შემცირების შესაძლებლობას სტრუქტურული ცვლილებების გარეშე.
კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, ეფექტიანი პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული არა ფასების ადმინისტრაციულ კონტროლზე, არამედ ბაზრის სტრუქტურული გაუმჯობესებისკენ, გამჭვირვალობის ზრდისკენ და ღირებულებათა ჯაჭვის ეფექტიანობის ამაღლებისკენ. ამ მიზნით რეკომენდებულია: საშუალოვადიან პერიოდში – ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება, კომერციული ურთიერთობების სტანდარტიზაცია და სექტორული მონიტორინგის სისტემის განვითარება; გრძელვადიან პერიოდში - ლოგისტიკური ეფექტიანობის ზრდა, ასევე, კერძო ეტიკეტის განვითარება კონკურენციის გაძლიერებისთვის; მოკლევადიან პერიოდში – მიზნობრივი და დროებითი ინტერვენციების გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის გარკვეული კატეგორიის პროდუქტებზე ფასის შემცირებას ბაზრის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე.
„საერთო შეფასება საქართველოს სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) სექტორში ფასების დინამიკა განპირობებულია სისტემური ფაქტორებით. შესაბამისად, პოლიტიკის ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს იგი ბაზრის სტრუქტურული პრობლემების გადაწყვეტას, გამჭვირვალობის ზრდას და ღირებულებათა ჯაჭვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას.
ამ პროცესში მიზნობრივი, პროპორციული და ეტაპობრივი პოლიტიკის განხორციელება წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას როგორც ფასების სტაბილიზაციისთვის, ისე სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია კომისიის დასკვნაში, რომლის სრული ვერსია პარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.