საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.
ალი ასადოვი საქართველოს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.
„კომისიის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინვესტიციების, ვაჭრობისა და სხვა მიმართულებებით. ჩვენ ასევე გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე, სადაც საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობას უდიდესი როლი აქვს, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის კონტექსტში“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ციფრული განვითარებისა და გზების, მეცნიერებისა და განათლების მინისტრები არიან.