Loading data...
საქართველოს პრეზიდენტი, შუახევის სოფელ ხიჭაურში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის მიერ ახალნათელღებულთა დალოცვის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის მიერ ახალნათელღებულთა დალოცვის ცერემონიას დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებასა და ახალნათელღებულებს მიმართა და მათ ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა.

მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა ზემო აჭარის ისტორიულ და სულიერ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს რეგიონი საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წელს საყოველთაო ნათლობა სწორედ ამ მხარეში გაიმართა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ ზემო აჭარაში, ქართული ქრისტიანული ცივილიზაციის უპირველეს კარიბჭეში იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა. მან განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, რომელმაც ისტორიული განსაცდელების მიუხედავად შეინარჩუნა ეროვნული იდენტობა, სარწმუნოება და სამშობლოსადმი სიყვარული.

„ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ძლიერები, კიდევ უფრო განვავითარებთ ქვეყანას, მაგრამ მთავარი ყოველთვის არიან ადამიანები. ჩვენ ვართ უდიდესი სარწმუნოების მქონე ერი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში შეიძინა უნიკალური სიბრძნე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ქრისტეს ჯარისკაცები უფლის მფარველობის ქვეშ. ასევე, დავესესხები ჩვენს უწმინდესს, რომ რაც უფრო ახლოს ვიქნებით უფალთან, მით უფრო მარტივად დავძლევთ ძნელბედობის ჟამს და უფრო მეტ გამოწვევას გავუმკლავდებით“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს სულიერი და ეროვნული ერთიანობის შენარჩუნებაში მართლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი თქმით, წინაპართა გამოცდილება გვასწავლის, რომ ეკლესია ქართველი ხალხის ისტორიული თვითმყოფადობის საფუძველია.

ღონისძიებას პრეზიდენტი ოჯახთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.