რევაზ სოხაძე: ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ნებისმიერი კორუფციული რისკის მინიმუმამდე დაყვანა ამ სისტემაში, ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ თითოეული თეთრი დაიხარჯოს სწორად და მიზნობრივად
„ძალიან ცუდია, რომ მოსახლეობის ნაწილს ჩამოუყალიბდა მოსაზრება, რომ სადღაც ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს, ვიღაცა რაღაცას იპარავს. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა არის ნებისმიერი კორუფციული რისკის მინიმუმამდე დაყვანა ამ სისტემაში. ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ თითოეული თეთრი დაიხარჯოს სწორად და მიზნობრივად“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, არის ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი.
„რაც უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას, მით უფრო წინ წავალთ, ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი ეკონომიკური ზრდის მეტ პოტენციალს აჩენს, ეკონომიკური გაძლიერება კი ჩვენი ქვეყნის სიძლიერის და დამოუკიდებლობის კიდევ უფრო გაზრდას ნიშნავს“, - აღნიშნა სოხაძემ.
მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში მას მრავალმხრივი პრობლემები დახვდა.
„ჩავედი ერთ-ერთ ობიექტზე, ეს იყო სკოლის მშენებლობა. ხარისხი იყო არადამაკმაყოფილებელი. როცა კონტრაქტორს ვკითხე რატომ იყო ასეთი ცუდი ხარისხი, გაკვირვებულმა შემომხედა და მისი პასუხი იყო, რომ რა ფასადაც მან მოიგო ტენდერი იმ ხარისხის მშენებლობას აწარმოებდა.
ამ მარტივ პასუხში ძალიან ბევრი პრობლემა იკვეთება. ერთი ის, რომ ფასწარმოქმნა იყო არასწორი, მეორე ის რომ დამკვეთიც და შემსრულებლები იცოდნენ, რომ ხარისხის მიმართულებით არ იქნებოდა შესაბამისი მოთხოვნები, ზეპირსიტყვიერი შეთანხმებასავით არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.