რატი იონათამიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, საპირწონე ვერაფერი იქნება, მით უმეტეს, შანტაჟისა და ზეწოლის მექანიზმები
„საკონსტიტუციო სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილის თქმით, უმთავრესი მისია სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაა.
„საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით. შესაბამისად, ნებისმიერი ჩარევა და ზეწოლა სასამართლოზე დაუშვებელი, შემაშფოთებელი და მიუღებელია, რადგან დამოუკიდებელი სასამართლო სახელმწიფო სუვერენიტეტის ერთ-ერთი გარანტია. მათ არაერთხელ ჰქონდათ იმის მცდელობა, რომ მართლმსაჯულების მანიპულაცია მოეხდინათ, რომ შემდეგ ის, როგორც ინსტრუმენტი, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოეყენებინათ, მაგრამ ეს მცდელობა არც ერთხელ არ გამოუვიდათ და არც მომავალში გამოუვათ. საკონსტიტუციო სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. უმთავრესი მისია სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაა.
შესაბამისად, საპირწონე ვერაფერი იქნება, მით უმეტეს, შანტაჟისა და ზეწოლის მექანიზმები. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. ასეთ საკითხებში საერთაშორისო ზეწოლა არ ჭრის და ეს ყველამ კარგად იცის. დასკვნები თავად თუ ვერ გამოიტანეს, სწორედ ამიტომაც არის, რომ მათ ქვეყნებში მათი რეიტინგი უკვე ნულთან არის დასული“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.