Loading data...
რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ეს ადამიანები რომ სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში მიდიან და ვერ მიდიან ქართულ საზოგადოებასთან, ეს სინამდვილეში მათ დეგრადირებას და დაცემას უსვამს ხაზს

„ეს ადამიანები რომ სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში მიდიან და ვერ მიდიან ქართულ საზოგადოებასთან, ვერ ჩნდებიან მოსახლეობასთან, ეს სინამდვილეში მათ დეგრადირებას და დაცემას უსვამს ხაზს“,- განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა რადიკალური ოპოზიციის წევრების შესახებ.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ქართულ პოლიტიკაში გავლენის მოპოვებას უცხო ქვეყნების მხარდაჭერითა და საერთაშორისო რეზოლუციების იმედით ცდილობენ, ნაცვლად იმისა, რომ ქართულ საზოგადოებასთან და ამომრჩეველთან ჰქონდეთ კომუნიკაცია.

„მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ გვარამიები და სხვები დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის საელჩოებში დადიან იმისთვის, რომ ცეკვის გაკვეთილები მიიღონ ბატონი ჰერჩინსკისგან. ეს ისე, ნახევრად ხუმრობით. მაგრამ, მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს დაწყების წინ ეს ადამიანები რომ სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში მიდიან და ვერ მიდიან ქართულ საზოგადოებასთან, ვერ ჩნდებიან მოსახლეობასთან, ეს სინამდვილეში მათ დეგრადირებას და დაცემას უსვამს ხაზს და, ამავდროულად, აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ ისინი სინამდვილეში ანტისახელმწიფოებრივი ძალები არიან და მათ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან საერთო არაფერი გააჩნიათ. ეს არის ფაქტი.

ისევ ცდილობენ, რომ თუ სხვადასხვა ქვეყნებს ეტყვიან, რომ საქართველო დაასანქცირონ, რეზოლუციები მიიღონ, ამით გავლენ ფონს და ჰგონიათ, რომ დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები არიან ქართულ პოლიტიკაში უზენაესი და არა ქართველი ხალხი. ეს არის მათი მიდგომა. რეალურად, აჩვენებენ იმას, რომ სინამდვილეში მორჩილებაში არიან უცხო ძალების მიმართ და მათგან დავალებების მიღება არის ყველაფერი, რაც მათთვის არის საინტერესო და მნიშვნელოვანი. მიიღონ დავალებები, კი ბატონო, მაგრამ ვერც ამ დავალებების მიღებით გავლენ ფონს ქართულ პოლიტიკაში და, ზოგადად, რაც უფრო მეტს იაქტიურებენ ასე, მით უფრო დაინახავს ჩვენი საზოგადოება მათ რეალურ სახეს.

ამ რეზოლუციების იმედად უფრო არიან და არა ჩვენი ეროვნული საარჩევნო ბიულეტენების შედეგების. სწორედ ამიტომ არის, რომ თვიდან თვემდე კარგავენ ისინი ამომრჩეველს და დღეს ფაქტობრივად ისეთი სურათი მივიღეთ, რომ პარტიაში უფრო მეტი წევრი ჰყავთ, ვიდრე ამომრჩეველი. ეს არის მათი რეალური სახე“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.