Loading data...
რატი იონათამიშვილი: იმ ტრადიციებისგან, რაც საქართველოს და გერმანიას საგარეო მიმართულებით გააჩნია, სრულად ამოვარდნილია გერმანიის ელჩის საქმიანობა

გერმანიის და საქართველოს დიპლომატიის ურთიერთობები ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და მას საკმაოდ მდიდარი და საინტერესო ორმხრივი ისტორია გააჩნია, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ იმ ტრადიციებისგან, რაც საქართველოს და გერმანიას საგარეო მიმართულებით გააჩნია, სრულად ამოვარდნილია გერმანიის ელჩის საქმიანობა.

„გერმანიის ელჩი ნამდვილად არღვევს არა მხოლოდ ვენის კონვენციას, არამედ ელემენტარულ დიპლომატიურ ეთიკასაც კი, როდესაც არა მხოლოდ მხარდამჭერი ხდება ხოლმე რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის და ნარატივის, არამედ წამახალისებელიც კი ხდება ხოლმე ძალადობის შემცველი გზავნილებისა, თუ ინფორმაციის, რითაც, ხშირ შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიცია არის დაკავებული.

სამწუხარო ფაქტია და ნამდვილად არ შეესაბამება და არ შეეფერება დიპლომატიურ სტანდარტს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ზოგადად ევროპული ბიუროკრატიის ნარატივს იმეორებს ხოლმე ეს ადამიანი. ჩვენს საზოგადოებას რომ ვკითხოთ, ეს ადამიანი ემსახურება თუ არა ქართულ-გერმანული ურთიერთობების განმტკიცებას და გაძლიერებას, რასაკვირველია, ამაზე პასუხი იქნება, რომ ამ მხრივ მისი საქმიანობა არა თუ გამორჩეული, არამედ ანტი საქმიანობაა.

იმ ევროპული ბიუროკრატების ნარატივში, რომლებიც პირდაპირ ცდილობენ, რომ შელახონ ჩვენი სუვერენიტეტი და ძალადობის სპონსორებად გვევლინებიან ხოლმე, მათთან თანხვედრაშია. ამიტომ საზოგადოებამ ამ კითხვაზე ძალიან კარგად იცის პასუხი. ეს ადამიანი იმეორებს არა ქართულ-გერმანული თანამშრომლობის სულისკვეთებას, არამედ იმ რეზოლუციების სულისკვეთებას, რასაც იუკნევიჩიენესგან ვხედავთ და, სამწუხაროდ, ის კოლექტიური იუკნევიჩიენეს სამსახურში უფროა, ვიდრე საქართველოს და გერმანიის ურთიერთობებში“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.