Loading data...
რატი იონათამიშვილი: ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლაში არის მკაცრი და თანმიმდევრული

ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლაში არის მკაცრი და თანმიმდევრული, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე მობრუნდა პოლიტიკაში, მაშინ მისი სიტყვით გამოსვლაში სწორედ ეს აქცენტები გაკეთდა.

„პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლაში არის მკაცრი და თანმიმდევრული, რაც გულისხმობს როგორც საკანონმდებლო დონეზე ჩარჩოს მოწესრიგებას და ისეთი მექანიზმების გაჩენას, რომელიც აზღვევს კორუფციის რისკებს, მეორე მხრივ, უკვე კორუფციულ დანაშაულზე სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას. ამიტომ, ეს ერთმანეთის შემავსებელი კომპონენტებია ამასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება ორივე მიმართულებით ასეთი პროაქტიურია.

როდესაც პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე მობრუნდა პოლიტიკაში, მაშინ მისი სიტყვით გამოსვლაში სწორედ ეს აქცენტები გაკეთდა. ეს იყო მთავარი და ეს იყო უმნიშვნელოვანესი მაშინაც, როდესაც მამუკა მდინარაძეს ვირჩევდით უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პოზიციაზე. მაშინაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მან თავის პროგრამაში ყურადღება გაამახვილა, ეს იყო კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლა და ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი კონკრეტულ საქმეებზე აისახება, კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებზე აისახება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მისივე განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულება არის კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფო.

„ჩვენ ვხედავთ უკიდურესად სუბიექტურ შეფასებებსაც. მაგალითად, როდესაც ფასდება თუნდაც საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის დაახლოება ევროპულ ღირებულებებთან. ის შეფასებები, საბოლოო ჯამში, რასაც ევროპული სტრუქტურები აკეთებენ ხოლმე, არ ეფუძნება ობიექტურ რეალობას, მაგრამ როგორც კი მოხდება ევროპული ღირებულებებისკენ შემობრუნება ევროპული ინსტიტუტების, დარწმუნებული ვარ, ის ქმედითი ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ამ მიმართულებით გადაუდგამს, ძალიან ბევრისთვის სამაგალითოც კი იქნება“, - დასძინა მან.