რატი იონათამიშვილი: ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსებისთვის მნიშვნელოვანია, რომ აგენტურული ჯგუფები არ დარჩნენ ქართულ პოლიტიკაში
„ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ველზე უცხო ძალების აგენტურა წარმოდგენილი არ იყოს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამ მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც მმართველი გუნდი 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს.
მისი თქმით, ამ პოლიტიკურ აქტორებს სინამდვილეში არაფერი აქვთ საერთო არც პოლიტიკასთან, არც პოლიტიკურ პარტიებთან. იონათამიშვილი მათ უცხო ძალების პროექტებსა და „ოროსნებს“ უწოდებს.
მისივე თქმით, ისინი მზად არიან უცხო ძალების დავალებებით ძირი გამოუთხარონ ქვეყნის სუვერენიტეტს, თუმცა საბოლოო ჯამში ამ დავალებებს მაინც ვერ ასრულებენ.
„ისინი ყოველ ჯერზე უარყოფენ ჩვენი ხალხის ნებას, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის ნებასაც. ისინი დღეს ჩვენი მოსახლეობისთვის ნდობადაკარგულ, განადგურებულ აქტორებს წარმოადგენენ, ამიტომ ამ პროცესების ლოგიკური შეფასება იქნება, საბოლოო ჯამში, ის პროცესი, რომლის მანდატით, ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ აღგვჭურვა, მაშინ, როდესაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მორიგ ჯერზე გაიმარჯვა. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ აგენტურული ჯგუფები არ დარჩნენ ქართულ პოლიტიკაში“, - აცხადებს იონათამიშვილი.
მან დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელი სამართლებრივი არგუმენტებით არის გამყარებული, მმართველ გუნდს კი სასამართლო სხდომებზე ღირსეული წარმომადგენლობა ეყოლება. იონათამიშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, საკუთარი არგუმენტები საზოგადოებას სასამართლო პროცესზე წარუდგინონ.