Loading data...
პრემიერი: საუნივერსიტეტო ავტონომიის პრინციპი გაჩნდა სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შეგვიძლია აკადემიურ სტილში და აკადემიური ფორმით ვისაუბროთ აკადემიურ სისტემასთან დაკავშირებით

„ჩვენ გვაქვს დისკუსია და თან გვაქვს ამბიცია, რომ შეგვიძლია აკადემიურ სტილში და აკადემიური ფორმით ვისაუბროთ აკადემიურ სისტემასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთ დროს, უნდა ისაუბრონ მონაწილეებმა არგუმენტებით.

„მინდა, საზოგადოებას ვკითხო, რაიმე არგუმენტი მოისმინეს ამ იდეის წინააღმდეგ? არგუმენტი არ ყოფილა. კიდევ ერთხელ, გვჭირდება თუ არა მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გვჭირდება. თუ არგუმენტები არსებობს ამის წინააღმდეგ, მაშინ წარმოადგინეთ ეს არგუმენტები, მაგრამ დისკუსიაში არის საჭირო არგუმენტები. თქვენ ისაუბრეთ, არცერთი არგუმენტი არ წარმოგიდგენიათ ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის წინააღმდეგ.

რაც შეეხება ბაზრის კვლევას, როდესაც საუბარია ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპზე, აქ არ არის განმსაზღვრელი ბაზრის კვლევა. ბაზრის კვლევა არის განმსაზღვრელი კონკრეტული სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილებისთვის. ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი გულისხმობს სხვა რამეს, რომელ უნივერსიტეტს რომელი სპეციალობები უნდა ჰქონდეს. შრომის ბაზრის ანალიზს ეფუძნება უკვე ამის შემდეგ რაოდენობების გადანაწილება უნივერსიტეტების მიხედვით. ამიტომ, ნუ ავრევთ ამ ორ საკითხს. ძალიან მარტივად არის აქ საქმე. არგუმენტებია საჭირო. ჩვენ გესაუბრებით არგუმენტებით. გავშალე ეს თემა ხომ, მწირი რესურსი გვაქვს და თქვენ ამბობთ, რომ მწირი რესურსი არაოპტიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ გეუბნებით, რომ მწირი რესურსი უნდა გამოვიყენოთ ოპტიმალურად და თუ ფიქრობთ, რომ უნდა დარჩეს არაოპტიმალური სისტემა, მაშინ დაგვიმტკიცეთ, რატომ უნდა დარჩეს, ოღონდ არგუმენტებით ისაუბრეთ. მარტივი, ლოგიკური არგუმენტები სჭირდება ამ ყველაფერს.

რაც შეეხება ანტიკონსტიტუციურობას. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ სიამაყით მინდა გავიხსენო, რა კარგი კონსტიტუცია დამიწერია, ეს ნახევრად ხუმრობით. ავტონომიის პრინციპი გაჩნდა სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში. 27-ე მუხლში ჩაიწერა საუნივერსიტეტო ავტონომიის პრინციპი და ასევე ერთ რამეს გეტყვით, რომ ჩვენზე კარგად არავინ იცის და ძალიან კარგად ვიცი პირადად მე, როგორც კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა, რას ნიშნავს საუნივერსიტეტო ავტონომიის პრინციპი, მათ შორის, რა ფარგლები აქვს საუნივერსიტეტო ავტონომიის პრინციპს. ასევე, ვიცით საერთაშორისო პრაქტიკა, საერთაშორისო ინსტიტუციების მიდგომები ამასთან დაკავშირებით. როდესაც ამბობთ, თეზისია ხომ, თეზისი არ არის არგუმენტი. თქვენ როცა ამბობთ, რომ ილახება საუნივერსიტეტო ავტონომიის პრინციპი, ეს არის თეზისი. ეს არ არის არგუმენტი. ამას მანამდე უნდა მოჰყვებოდეს არგუმენტები, ამიტომ, მოდით აკადემიურად ვიმსჯელოთ. როცა რაღაცას ამბობთ, მანამდე უნდა წაუმძღვაროთ ამ ყველაფერს არგუმენტები და არგუმენტები არ გითქვამთ ისე განაცხადებთ, რომ დაირღვა თურმე საუნივერსიტეტო ავტონომიის პრინციპი. მე, როგორც კონსტიტუციური სამართალია სპეციალისტმა, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილებით საუნივერსიტეტო ავტონომიის პრინციპი საერთოდ არ ირღვევა, არავითარი ფორმით. თქვენ არგუმენტები არ გაქვთ, მე გესაუბრებით არგუმენტებით ყველა თემასთან დაკავშირებით.

დისკუსია არის საჭირო ყველაფერთან დაკავშირებით და დისკუსია, ძალიან სწორი მინიშნება გააკეთა ქალბატონმა ნინომ, ის არ აპირებს აქ დისკუსიაში მონაწილეობას, ანუ არგუმენტებით არ აპირებს საუბარს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.