Loading data...
პრემიერი: იმ ფონზე, როდესაც საჯაროდ უცხადებდნენ მხარდაჭერას დამხობის აქციას, კონკრეტულ ელჩებს, დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა, რომ კიდევ უფრო მკაფიოდ გაემიჯნონ იმ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ

„ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ასეთ განცხადებებს. იმ ფონზე, როდესაც პირდაპირ, საჯაროდ უცხადებდნენ მხარდაჭერას დამხობის აქციას, ბუნებრივია, კონკრეტულ ელჩებს, დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა, რომ კიდევ უფრო მკაფიოდ გაემიჯნონ იმ ძალადობას, რომელიც აწ უკვე გუშინ ვიხილეთ“, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ კითხვას, მოისმინა თუ არა დღეს უცხოელი ლიდერებისგან განცხადებები თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი სცენარი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, თუმცა საქართველოს მაჯისცემა ვერ გათვალეს.

„სპეცსამსახურებმა ვერ გათვალეს რა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში. ელემენტარულად, პაატა ბურჭულაძეს რომ დააყენებ დამხობის ლიდერად, გასაგებია როგორ გრძნობენ ამ ქვეყნის მაჯისცემას. როგორც ჩანს, გარედან არ ჩანს, როგორია ჩვენს ქვეყანაში მაჯისცემა, როგორია საზოგადოების განწყობები, მენტალიტეტი და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სცენარით არ წავიდოდნენ. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა ასეთი სცენარები. პირდაპირ იყო ჩართული უცხოური დაფინანსება ამ ყველაფერში. ეს გრძელდებოდა ბოლო პერიოდამდეც, თუმცა ეს მცდელობა ჩაუვარდათ და ეს ე.წ. 300-დღიანი აქცია არის ასევე სპეცსამსახურების პროექტი. არ გამოვრიცხავ, რომ იქ შეიძლება იყოს თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები, რომლებიც გულწრფელად გამოხატავენ პროტესტს, მაგრამ მთლიანობაში ეს ე.წ. 300-დღიანი პროტესტი არის უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი აქცია და ამაში მონაწილე თითოეული პირი ზის უცხოური სპეცსამსახურების ცენტრში. აქედან გამომდინარე, მათ კიდევ ერთხელ უნდა მივცემ გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ნუ დაუპირისპირდებიან ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უცხოური სპეცსამსახურების ინტერესების კარნახით“, - განაცხადა კობახიძემ.