პრემიერი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, იან ბორჯს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და კიდევ ერთხელ დაადასტურა ეუთოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა მალტის თავმჯდომარეობის პერიოდში.
საუბარი შეეხო მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პრიორიტეტია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და მზადაა, ამჯერადაც შეუწყოს ხელი საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთოს ინსტიტუტების წარმომადგენელთა, ფართო ჩართულობას.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო მალტასთან ორმხრივ ურთიერთობებს. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მალტის მხარეს ეუთოს სხვადასხვა ფორმატში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.