Loading data...
პრემიერი: ე.წ. პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის კონკრეტულ პროდუქციას ექსპორტზე აფხაზეთის გავლით, არის გამოცხადებული უკიდურესად პროევროპულ და ძალიან დემოკრატიულ ქვეყნად და ამ დროს საქართველო არის ანტიევროპული და პრორუსული ქვეყანა, იმდენად სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები, რომ არ შეიძლება, ღრმა შეფასება მივცეთ

ჩვენ გველაპარაკებოდნენ სანქციების გვერდის ავლაზე, რაც ბუნებაში არ ყოფილა და ამ დროს, ე.წ. პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის კონკრეტულ პროდუქციას აფხაზეთის გავლით, არის გამოცხადებული უკიდურესად პროევროპულ და ძალიან დემოკრატიულ ქვეყნად. ეს არის პროევროპული ქვეყანა და საქართველო არის ანტიევროპული და პრორუსული ქვეყანა. იმდენად სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები, რომ არ შეიძლება, ღრმა შეფასება მივცეთ ამ ყველაფერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ქვეყნის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა განმარტა, რომ საუბარი არ არის საქართველოს მეზობელ ქვეყანაზე და ამავდროულად, საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის.

„არის ე.წ. პროევროპული ქვეყანა, ეს არ არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, რომ ამას რაღაც სპეკულაციები არ მოჰყვეს, რომელიც რუსეთში გზავნის საკუთარ კონკრეტულ პროდუქციას აფხაზეთის გავლით და ეს ქვეყანა არის გამოცხადებული უკიდურესად პროევროპულ და ძალიან დემოკრატიულ ქვეყნად. ასეთი რაღაცები ხდება. ყველამ ყველაფერი იცის სინამდვილეში - აფხაზეთს იყენებს იმისთვის, რომ კონკრეტული პროდუქცია გაგზავნოს ექსპორტზე რუსეთში და ეს არის პროევროპული ქვეყანა და საქართველო არის ანტიევროპული და პრორუსული ქვეყანა. იმდენად სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები, რომ არ შეიძლება მაინცდამაინც ღრმა შეფასება მივცეთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპულ სტრუქტურებში გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებების მიზანია მუდმივი წნეხის შენარჩუნება.

„ოპოზიციას უნდა გადაუგდონ ხოლმე რამდენიმედღიანი მაშველი რგოლი, ამის იქით ვერ მიდის მათი ფანტაზია. საბოლოო ჯამში, რაღაც დონეზე მიზანს აღწევენ, რადგან სრული სიმშვიდე მაინც არ გვაქვს. მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, პატარ-პატარა ჩხვლეტებით ზიანი მიაყენონ ქართველ ხალხს და ამისთვის იყენებენ ადგილობრივ აგენტურას. რაღაც მიზანს ეს მაინც აღწევს - ვერ აღწევს პრინციპულ მიზანს - ვერ დაარღვიეს მშვიდობა, ვერ დაარღვიეს პრინციპულად სიმშვიდე, ვერ შეცვალეს ხელისუფლება, ვერ ჩამოშალეს ეკონომიკა, მაგრამ გარკვეულ შედეგს მაინც აღწევენ. რომ არ ყოფილიყო ეს სიცრუე, უსამართლობა, ეს სამარცხვინო თავდასხმები ქართველ ხალხზე, ბუნებრივია, სიმშვიდის ხარისხი ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა. ამ დონეზე ცდილობენ, ელემენტარული პრობლემები მაინც შექმნან ქართველი ხალხისთვის. ამას ემსახურება ის ტყუილები და უსამართლობა, რასაც მუდმივ რეჟიმში ვხედავთ. რას ემსახურებოდა, მაგალითად, კანდიდატის სტატუსის არმინიჭება თავის დროზე, მოლაპარაკებების არგახსნა. მაშინ მეტი იმედი ჰქონდათ, რომ ხელისუფლებას შეცვლიდნენ და ამას აკეთებდნენ წინასაარჩევნოდ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მაგრამ აქაც ვერ მიაღწიეს მიზანს, რისი იმედიც ჰქონდათ, მაგრამ გარკვეული შედეგი აქვთ, რადგან შეეძლო ქვეყანას, მშვიდად განეგრძო განვითარება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.