პრემიერი: ერთადერთი მიზეზი, რატომაც ბოლო რევოლუციის მცდელობები არ იყო წარმატებული, იყო “გამჭვირვალობის კანონი”, სინამდვილეში ეს იყო კანონი - რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შესრულდეს მათ შორის, ასოცირების შეთანხმებიდან, DCFTA-დან გამომდინარე ვალდებულებები

„მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, მთავარია, ვიღაცამ საპირწონედ არ დაგვიყენოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ეს არის ჩვენი ერთადერთი კრიტერიუმი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ბოლომდე დაიცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
„როდესაც ვიღაც გეუბნება, რომ შენ რევოლუცია შენი ხელით უნდა წაახალისო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ამის სანაცვლოდ მოგცემენ რაღაც პრივილეგიას, რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი დილემა ჩვენთვის. ჩვენ ეროვნულ ინტერესებს სასწორზე ვერ დავაყენებთ, ეს ეხებოდა იგივე „გამჭვირვალობის კანონს”. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ეს ბოლო რევოლუციის მცდელობები არ იყო წარმატებული, იყო „გამჭვირვალობის კანონი”.
ეს კანონი სინამდვილეში იყო კანონი - რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გავხადეთ გამჭვირვალე რევოლუციური პროცესები, ეს პროცესები შესუსტდა. ბევრი მიმართულებით აღარ მოუნდათ გამჭვირვალედ რევოლუციების დაფინანსება, რასაც მანამდე აკეთებდნენ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. როდესაც ვიღაც გეუბნება, რომ „გამჭვირვალობის კანონი” უნდა გააუქმო, შესაბამისად, საშუალება უნდა მოგვცე, რომ იქ რევოლუციები წავახალისოთ და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება საპირწონე. ამიტომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს და ამასთან ერთად, გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ შესრულდეს ვალდებულებები, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, DCFTA-დან გამომდინარე ვალდებულებები, რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერმა.