Loading data...
პრემიერი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამკაცრდა საქართველოში უცხოელების დასაქმების პირობები, დაწესდა მთელი რიგი შეზღუდვები, ამ კანონის სათანადოდ აღსრულება ჩვენი პასუხისმგებლობა და ამას თავიდან ბოლომდე უზრუნველვყოფთ

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, თქვენს მიერ მიღებული კანონით, გამკაცრდა საქართველოში უცხოელების დასაქმების პირობები და აქ მთელი რიგი შეზღუდვები დაწესდა, მნიშვნელოვანია ამ კანონის სათანადოდ აღსრულება, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამას თავიდან ბოლომდე უზრუნველვყოფთ“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა შსს-ში მიგრაციის დეპარტამენტის ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გაძლიერების კუთხით.

„ჩვენ, რამდენიმე დღის წინ, მოვინახულეთ მიგრაციის დეპარტამენტის სრულიად ახლად აშენებული შენობა, გვაქვს ახალი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომლითაც არის მიგრაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფილი და ასევე მინდა, მოგახსენოთ, რომ რამდენჯერმე გაიზარდა თანამშრომლების რაოდენობა, სულ 9 თანამშრომელი იყო დაკავებული მიგრაციის საკითხებით, გასაგებია, რომ ასეთ პირობებში რთული იყო შედეგების მიღწევა. რამდენჯერმე გაიზარდა ეს მაჩვენებელი, რაც მოგვცემს უკანონო მიგრაციასთან ეფექტიანად ბრძოლის შესაძლებლობას. ასევე, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს სასაზღვრო პოლიციის ტექნიკური აღჭურვილობის მოდერნიზაცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია, უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მზადდება მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივები“, - განაცხადა პრემიერმა.