პრემიერი: დუბაის სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელსაც მაქსიმალურად ვიყენებთ, მათ შორის იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ, მქონდა საშუალება, გამოვსულიყავი როგორც პლენარულ, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში და მესაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასა და პოტენციალზე
„დუბაის სამიტი არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც გვაქვს საშუალება, მივმართოთ ფართო აუდიტორიას, აქ არიან შეკრებილები პოლიტიკური ლიდერები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და პოტენციური ინვესტორები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფორმატს საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად იყენებს, მათ შორის, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გასაღრმავებლად.
„ამ ფორმატს ვიყენებთ მაქსიმალურად აქტიურად, მათ შორის იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ. აქ ჰქონდათ, მათ შორის, მინისტრებს იმის საშუალება, რომ გასაუბრებოდნენ კოლეგებს, ასევე პოტენციურ ინვესტორებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. პირადად მე მქონდა საშუალება, გამოვსულიყავი როგორც პლენარულ ფორმატში, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში და მესაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასა და პოტენციალზე“, - განაცხადა პრემიერმა.