პაპუაშვილი საზოგადოებაში მეტი უთანხმოების შემოტანის მცდელობებზე: იმიტომ აკეთებენ ამას, რომ ვერ შეთანხმდეს ხალხი - 8 მაისი თუ 9 მაისი, 7 აგვისტო თუ 8 აგვისტო, 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი, ეს ყველაფერი არის მავნე გარე ჩარევა
პარლამენტის თავმჯდომარე გარე ძალების მიერ ქართულ საზოგადოებაში მეტი უთანხმოების შემოტანის მცდელობაზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც ბრალდებული და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ქვეყანაში შობის 25 დეკემბერს აღნიშვნის სურვილს გამოხატავს.
პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ შარშან ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა 9 მაისს ევროპის დღე იზეიმეს და ქართველ ხალხს ევროპის ფაშიზმისგან გათავისუფლებისთვის მადლობაც კი არ გადაუხადეს.
„იმიტომ აკეთებენ ამას, რომ ვერ უნდა შეთანხმდეს ხალხი - 8 მაისი თუ 9 მაისი, 7 აგვისტო თუ 8 აგვისტო, 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი. ეს ყველაფერი არის ის მავნე გარე ჩარევა, რომელსაც აქამდე ამერიკის წინა ადმინისტრაცია ედგა სათავეში, მილიონებს ხარჯავდა ამისთვის. ახალმა ადმინისტრაციამ აბსოლუტურად შეცვალა ეს პოლიტიკა, ამხილა ეს მავნე ჩარევის პრაქტიკა და დღეს ამით ევროკავშირია დაკავებული - საქართველოში ხალხის დაპირისპირების, ზიზღის შემოტანის, ძალადობის. დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა.
სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა. სადაც არის ბოღმა, პიროვნული თავდასხმა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა. ეს არის სამარცხვინო, რომ თავს აიგივებენ ძალადობასთან, ზიზღთან, მოლოტოვის კოქტეილთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელმა უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში უფსკრულში გადაიჩეხება, „მაგრამ არ გვინდა, რომ ჩვენც ჩაგვიყოლიონ იმ ცივილიზაციურ უფსკრულში, სადაც ბრიუსელი დღეს ევროკავშირს მიაქანებს“.