პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: იმედი მაქვს, ამ პარტიების წარმომადგენლები გამოცხადდებიან სასამართლოში და საკუთარ გასამართლებას თავად დაესწრებიან
ჩვენ გამოვყავით სათანადო დრო, რომ, ერთი მხრივ, საპარლამენტო კომისიის მეშვეობით ყველა დეტალში გავრკვეულიყავით, ყველა მტკიცებულება მოგვეგროვებინა, ყველა მიმართულებაში გვენახა, სად გვაქვს ძლიერი არგუმენტები და საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე შედგა კონსტიტუციური სარჩელი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სარჩელში ყველა არგუმენტია მოყვანილი.
„მე იმედი მაქვს, რომ ამ პარტიების წარმომადგენლები გამოცხადდებიან სასამართლოში და საკუთარ გასამართლებას თავად დაესწრებიან. რა უნდა თქვან, როდესაც საუბარი იქნება წამების სისტემაზე, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა შექმნილი ციხეებში, რას იტყვიან წართმეულ ბიზნესებზე, გადაფორმებულ მედიებზე, იმ მკვლელობებზე, რომლებიც ხდებოდა და აღიარებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ერთადერთი შეუძლიათ თქვან, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და ქართველ ხალხს მოელანდა წამება, ომი, მკვლელობები, ბიზნესის რეკეტი და ა.შ.
ამ ყველაფრის მოსმენა მოუწევთ მათ სასამართლოში, როგორც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ისე მას შემდეგ, როდესაც სისტემურად არ ცნობენ ხალხის ნებას, ანტისისტემური პარტიები გახდნენ, რომლებიც გასული არიან დემოკრატიული ჩარჩოდან და არ აღიარებენ ხალხის არჩევანს. მათ მხოლოდ ბრიუსელიდან აღიარება ადარდებთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.