Loading data...
პაპუაშვილი ოპოზიციაზე: მათი ადგილი პოლიტიკურ ველზე აღარ არის

მათ [ოპოზიცია] საკუთარი თავი შეიყვანეს ჩიხში და ხაბეიშვილის ეს ამოძახილი, სასოწარკვეთის ამოძახილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“-ში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც ხელისუფლებასთან დიალოგს შეეხებოდა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება და გარე დირექტივებს დაექვემდებარა, ჩიხშია.

„ჩვენ მთავარი რაც ვნახეთ ამ წლების განმავლობაში, არის ის, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება და დაექვემდებარა გარედან წამოსულ დირექტივებს, გარე ჯგუფებს, აი ეს არის შედეგი. გახდები სხვისი ინტერესების გამტარებელი საკუთარ სამშობლოში? ზუსტად აი ის ბედი ექნება ყველას, როგორიც ჰქონდა ჩვენს ისტორიაში, ვინც უცხოს ნებაზე დადიოდა. ეს შედეგი ნახეს არჩევნებზე, როდესაც ქართველმა ხალხმა მათ საბოლოოდ უთხრა უარი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილი დებატების საკითხსაც გამოეხმაურა და დასვა კითხვა პარტიები, რომლებიც არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს რაზე უნდა ესაუბრონ ხელისუფლებას?

„ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, ან „ახლები“, ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, რომ მოვიდნენ დებატებზე რაზე უნდა გველაპარაკონ? დებატები იმისთვის კი არ გვინდა, რომ კორიდა გაიმართოს, გვინდა, რომ საზოგადოებამ აზრთა ჭიდილში თავისი დასკვნა გამოიტანოს. თუ კი არალეგიტიმური ვარ რაზე უნდა მესაუბრონ? იმდენად სულელები აღმოჩნდნენ, ისე დაუჯერეს უცხოური მითითებს, რომ დაყარეს ეს მანდატები და გამოიქცნენ პარლამენტიდან, ჩიხში არიან მოქცეულები. მათი ადგილი პოლიტიკურ ველზე აღარ არის, ეს არის არა მხოლოდ რადიკალური პარტიები, არამედ ეს არის გარე ძალებთან მოთანამშრომლე ძალები,მათ საკუთარ თავს თავად გამოუტანეს განაჩენი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.