Loading data...
პაპუაშვილი: „გირჩი“ და „დროა“ დაკავშირებულები არიან „ახალთან“, თუმცა ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ მივმართავთ მათთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს, არის ის, რომ მათ გავლენა პოლიტიკაზე არ აქვთ, არის ერთკაციანი პარტიები

საკონსტიტუციო სარჩელში, რომელშიც მოთხოვნილია რამდენიმე პარტიის აკრძალვა, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ არ არიან მოხსენიებული.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, ეს პარტიები წარმოადგენენ ერთკაციან პოლიტიკურ გაერთიანებებს და მათ პოლიტიკაზე გავლენა არ აქვთ.

„პოლიტიკურ გაერთიანებას დღეს სახელად ჰქვია - „კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“. თუმცა ცალკე არის პარტია „გირჩი“, ცალკე არის პარტია „დროა“. კონსტიტუციური სარჩელი ეხება მხოლოდ ამ პარტიას, რეალურად „ახალს“, რომლის ქოლგის ქვეშაც წინა არჩევნებზე შევიდნენ ცალკეული პოლიტიკოსები და სახელი გადაერქვა.

რა თქმა უნდა, როგორც „გირჩი - მეტი თავისუფლება“, ასევე, „დროა“ დაკავშირებულები არიან ამ პარტიასთან. ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ მივმართავთ მათთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს, არის ის, რომ მათ რეალური გავლენა პოლიტიკაზე არ აქვთ. არის ერთკაციანი პარტიები და ესეც წარმოადგენს ერთ-ერთ განმსაზღვრელ კრიტერიუმს პარტიების აკრძალვის დროს საერთაშორისო პრაქტიკაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.