პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ჩვენ ველით, რომ გარდა სამუშაო შეხვედრებისა, სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა
ჩვენ ველით, რომ გარდა სამუშაო შეხვედრებისა, სხვა მხრივ კონტაქტებისა, სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს ჩვენი ბრალი არ არის, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის ბრალი, რომ შეერთებულმა შტატებმა წინა ადმინისტრაციის პირობებში გაიფუჭა ურთიერთობა ქართველ ხალხთან და საქართველოსთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მან ამგვარად უპასუხა კითხვას, იქნება თუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განახლების ხელშემწყობი შეხვედრა, რომელიც მილანში გაიმართა. როგორც ცნობილია, მილანში საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდნენ.
შალვა პაპუაშვილმა თემაზე საუბრისას მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში საქართველოს როლს გაუსვა ხაზი.
„საქართველო ყველაზე მძიმე პირობებში გაჰყვა ნატოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად. ყველას შევახსენებ, რომ საქართველო პირველ ადგილზე არის ერთ სულ მოსახლეზე დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობით ავღანეთში, ჩვენ ვართ პირველ ადგილზე - ყველა სხვა ქვეყანასთან - ნატოს წევრ თუ არაწევრ ქვეყანასთან შედარებით. ასევე, ჩვენ ვართ მეოთხე ადგილზე ნატოს წევრ ქვეყნებს შორისაც კი იმ კონტინგენტით, რომელიც გვყავდა ავღანეთში გაგზავნილი.
ეს არის ქართული მეგობრობა და პარტნიორობა, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. სამწუხაროდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს არ დააფასა და პირიქით, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვენახა გვერდში დგომა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ჩვენ ვნახეთ ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი დანაშაული არის ბაიდენის ადმინისტრაციისა, რომელიც მნიშვნელოვანია, ტრამპის ადმინისტრაციამ გამოასწოროს.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოასწორებს. ჩვენ ამის მზაობა გვაქვს და ეს არაერთხელ განგვიცხადებია, ამიტომ ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ჩვენ ვხედავთ გეოპოლიტიკურ ძვრებს, რომლებიც სამყაროში ხდება. რა თქმა უნდა, ყველა სხვა ამოცანასთან შედარებით ჩვენი უპირველესი ამოცანა არის უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში. ამავე დროს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვის ჩვენი მზაობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.