პაატა კვიჟინაძე: სახელმწიფო აუდიტის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანოა საქართველოში

„აუდიტის სამსახური პარლამენტის „თვალებია“, ასე ფიქრობენ ევროპაშიც. სხვა მექანიზმი არ აქვს პარლამენტს, რომ გაიგოს თუ როგორ იხარჯება 35,5-მილიარდიანი ბიუჯეტი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანოა საქართველოში, როგორც დამოუკიდებლობის, ისე სანდოობის, მაღალკვალიფიციურობისა და მიუკერძოებლობის მაღალი ხარისხით, რასაც ადასტურებს ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, ასევე დიდი ოთხეულის აუდიტორული ფირმების უპირობო დასკვნები“, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.
თანამომხსენებელმა ხაზი გაუსვა პარლამენტში აუდიტის ჯგუფის მუშაობის მნიშვნელობას და საპარლამენტო ტრიბუნიდან იმ გამოწვევაზეც ისაუბრა, რაც ამ ეტაპზე აუდიტის სამსახურს აქვს.
„აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი სრულდება, თუმცა ცენტრალურ დონეზე ჯერ კიდევ შეუსრულებელია 6%. მართალია, შეუსრულებელი რეკომენდაციების წილი ბოლო წლებია იკლებს, იგივე იმ აუდიტის ჯგუფის დამსახურებით, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არის შექმნილი, მაგრამ პრობლემა არსებობს. შევთანხმდით, ბატონ გიორგი გაბიტაშვილთან, რომ აღნიშნულ საკითხზე ვიმუშავებთ, არის როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზებიც, რომელსაც მოგვარება სჭირდება. შეიძლება სადღაც კანონის შეცვლა იყოს საჭირო ან არ მუშაობდეს უწყება ისე, როგორც საჭიროა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.