ოთარ გრიგოლია: ვისურვებდი, რომ კონგრესმა უპირატესობა მიანიჭოს დიალოგს და არა კონფრონტაციას
სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 49-ე სესია გაიმართა, რომელშიც კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრი ოთარ გრიგოლია მონაწილეობდა.
სესიაზე, რომელიც ევროპის ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის 40 წლის იუბილეს მიეძღვნა, ისეთ მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის მდგომარეობა ევროპაში, ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა, უკრაინაში ომის გავლენა რეგიონებზე, ადგილობრივი არჩევნების დაკვირვების პრაქტიკა, ახალგაზრდების ჩართულობა და გარემოსდაცვითი ინიციატივები.
სხდომაზე კონგრესმა მიიღო რეკომენდაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, დემოკრატიული მმართველობის სტანდარტების დაცვას და ახალგაზრდების ჩართულობას ადგილობრივ პროცესებში.
აღსანიშნავია, რომ სესიამდე გაიმართა მონიტორინგის კომიტეტის სხდომა, სადაც ერთ-ერთ საკითხად საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის მდგომარეობა, მათ შორის ადგილობრივი არჩევნების გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე განიხილეს.
აღნიშნულ თემაზე დელეგატებს სიტყვით ოთარ გრიგოლიამ მიმართა. ოთარ გრიგოლიამ თავის გამოსვლაში ყურადღება დიალოგისკენ მეტი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე გაამახვილა.
მისი თქმით, ბოლო წლებში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი მეტად პოლიტიზებული გახდა და დიპლომატიური ენა პოლიტიკური განცხადებებით და აგრესიული ენით შეიცვალა. ოთარ გრიგოლიამ იმედი გამოთქვა, რომ ეს მიდგომები შეიცვლება და კონგრესი უპირატესობას კონფრონტაციის ნაცვლად დიალოგს მიანიჭებს.
„ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი ბევრი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა. ევროპის კონგრესი იყო ადგილი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ. ბოლო წლებში კი კონგრესი მეტად პოლიტიზებული გახდა და დიპლომატიური ენა პოლიტიკური პარტიების განცხადებებით და აგრესიული ენით შეიცვალა, რაც დიალოგს საგრძნობლად აზიანებს. ეს არის ორგანიზაცია, სადაც სხვადასხვა კულტურის და გამოცდილების ადამიანები ვიკრიბებით და შეუძლებელია ყველა ქვეყნის სპეციფიკა ზუსტად ვიცოდეთ. საქართველოს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ კონკრეტული დეკლარაციები და რეზოლუციები იყო ზედმეტად პოლიტიზებული და ხშირად რეალობას მოწყვეტილი. ბევრი დასკვნა საქართველოსთან მიმართებით საერთოდ არ შეესაბამებოდა ქვეყანაში რეალურად არსებულ ვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი მიდგომები თავად კონგრესს დააზიანებს და მის მიმართ ნდობას შეამცირებს. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ დიპლომატიურ ენას და გავითვალისწინოთ ყველა ქვეყნის მიდგომები უსაფრთხოებისა თუ საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ. ჩვენ, ზეწოლისა და იზოლაციის მაგივრად, უნდა გავხსნათ კარი დიალოგისთვის. ვისურვებდი, რომ კონგრესმა უპირატესობა მიანიჭოს დიალოგს და არა კონფრონტაციას“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.