Loading data...
ნინო წილოსანი ვიზალიბერალიზაციაზე: დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა ვერაფერი შეცვლის ხელისუფლებას, ახლა შანტაჟის გზით, ქართველი ხალხის ნებაზე ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით უნდათ იმოქმედონ

„დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა, ვერაფერი შეცვლის ხელისუფლებას. ახლა შანტაჟის გზით, ქართველი ხალხის ნებაზე ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით უნდათ იმოქმედონ“, - განაცხადა ვიზალიბერალიზაციაზე ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის და ევრობიუროკრატია არ ტოვებს სივრცეს ამ პროცესის დასაწყებად.

„ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. მზად ვართ, დეტალურად განვიხილოთ, რას მიიჩნევენ ჩვენი პარტნიორები, ასე კრებსითად პარტნიორებს ვერ ვუწოდებთ ადამიანებს, ვინც ბევრ ტყუილს ავრცელებს საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა თავად ინსტიტუციების წინაშე ჩვენ ანგარიშვალდებულად ვგრძნობთ კიდეც თავს, რომ თუ ვინმეს რაიმე კითხვა აქვს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, დემოკრატიის პროცესებთან დაკავშირებით, საარჩევნო გარემოსთან და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა და ვითხოვთ სივრცეს, სადაც ამაზე ვისაუბრებთ და არ იქნება ცალმხრივად, არასწორად, დეზინფორმაციულად მიწოდებულ ინფორმაციაზე დაფუძნებული განცხადებები.

თუმცა, სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, რომ როგორც წინა პერიოდში, ახლაც პროცესი მიმდინარეობს ისე, რომ არავინ არ უსმენს ქართულ მხარეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სასამართლო პროცესზეც კი, სადაც განსასჯელი ზის, აძლევენ თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალებას ბრალდებულსაც კი. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვართ მათი მხრიდან ბრალდებულები ისე, რომ არც არგუმენტია, არც მტკიცებულება და არც ჩვენი პოზიციის დაფიქსირების საშუალებას გვაძლევენ. ამაზე უსამართლო მოცემულობა არ ვიცი, ვერც კი წარმოვიდგენდი. მე არ ვიცი, არ მომესწრო საბჭოთა პერიოდში ცხოვრება და არ ვიცი, როგორ იყო, მაგრამ გადმოცემით რაც ვიცი და ახლა რასაც ვხედავ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პარალელია.

რაც შეეხება რა არის ვიზალიბერალიზაციით მუქარა, მოდით ასე ვთქვათ, რომ ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა იმ რაღაც მავნებლობაზე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მოედინებოდა და დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა, ვერაფერი შეცვლის აქ ხელისუფლებას. ახლა შემოგვიტრიალდნენ და შანტაჟის გზით, ქართველი ხალხის ნებაზე ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით უნდათ იმოქმედონ. მე მართლა ვერ წარმომიდგენია, რომ არსებობდეს ღირსეული ქართველი, რომელიც იმ უსამართლობის საპირწონედ იტყვის თანხმობას, რომ დიახ, ვიზალიბერალიზაცია მიღირს ჩემი ქვეყნის ინტერესად“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.