ნინო წილოსანი: როცა ქვეყანაში კანონის უზენაესობა არსებობს, არანაირი თანამდებობა და გუნდის წევრობა არ შეიძლება, იყოს გარანტია იმის, რომ მათ წინააღმდეგ პროცესები არ დაიწყება
ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო და მძიმეა ყოფილ თანაგუნდელებზე საუბარი, მათ შორის არანაკლებ მძიმეა იმ სამართალდამცავი სტრუქტურების და მისი ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც უშუალოდ ამ საქმეებს აწარმოებენ, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, არანაირი თანამდებობა და გუნდის წევრობა არ შეიძლება, იყოს გარანტია იმის, რომ მათ წინააღმდეგ ეს პროცესები არ დაიწყება.
„ფაქტი ერთია – თუ ამ ადამიანებს კორუფცია და ის მასშტაბი დაუდასტურდებათ, ალბათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება, რომ მათი ამ მოქმედებების გამო თითოეული ჩვენგანი დარტყმის, ნეგატიური აღქმების და განწყობების ობიექტი იყო. რა თქმა უნდა, ვზიანდებოდით ყველა, რადგან ვიღაც ადამიანებმა თავი ვერ შეიკავეს და თავისი უფლებამოსილება არასწორად გამოიყენეს. ვფიქრობ, როცა ქვეყანაში კანონის უზენაესობა არსებობს, არანაირი თანამდებობა და გუნდის წევრობა არ შეიძლება იყოს გარანტია იმის, რომ მათ წინააღმდეგ ეს პროცესები არ დაიწყება. რა გვასწავლა ამ ყველაფერმა? – ეს ყველაზე მძიმე პერიოდში ხდებოდა, როცა ქვეყანა როგორც ომის საფრთხეების, რევოლუციური სცენარების წინაშე იყო და მთელი პოლიტიკური ძალისხმევა, უწყებების მობილიზება სრულად გადართული იყო ამ რისკების აღმოფხვრისთვის. თუ დადასტურდა, ე.ი. ყველაზე ცუდი მომენტი დაიჭირეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ეკეთებინათ. რა თქმა უნდა, ამ პირობებში ორივე ფლანგზე ბრძოლა წარმოუდგენელი იყო, მათ შორის გუნდის შიგნითაც აღმოგვეჩინა ეს ყველაფერი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნორმალური საპარლამენტო და დემოკრატიული სისტემა გულისხმობს, რომ იყოს სწორი და ობიექტური ოპონირება – ჩვენ ამასაც მოკლებული ვიყავით და გვიწევდა, რომ საკუთარი თავის ოპონირება გაგვეწია და ჩვენივე წიაღში აღმოგვეჩინა ის ხარვეზები, რომელიც რიგი მაღალი თანამდებობის პირების შემთხვევაში იყო“, – განაცხადა წილოსანმა.