ნინო წილოსანი მარკ რუტეს განცხადებაზე: ამდენი წლის განმავლობაში საქართველო, ფაქტობრივად, ღია კარში დგას, არც ნატოში უშვებენ და თან ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებენ
ამდენი წლის განმავლობაში საქართველო, ფაქტობრივად, ღია კარში დგას, არც ნატოში უშვებენ და თან ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებენ საქართველოსთან მიმართებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებას, რომელმაც „რადიო თავისუფლების“ კითხვაზე - არის თუ არა საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანა, თქვა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატოს წევრობა სურს, შეუძლია, სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება.
„საქართველო-ნატოს ურთიერთობაში ვისაც შეშფოთების რაიმე საფუძველი აქვს, ეს არის საქართველო, რომელმაც რეალურად, სამწუხაროდ, ვერ იგრძნო ნატოს მხარდაჭერა დაწყებული 2008 წლის ომის უმძიმესი დღეებიდან, როდესაც ამ პროცესებს გარკვეული სათავე დაუდო ნატოს სამიტის ფარგლებში გაჟღერებულმა პოზიციამ, რომ საქართველოს ნატოში მიღების პროცესი აქტუალური იყო, რამაც დააპროვოცირა რუსული აგრესია. ამის ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ამდენი წლის განმავლობაში საქართველო, ფაქტობრივად, ღია კარში დგას, არც ნატოში უშვებენ და თან ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებენ საქართველოსთან მიმართებით“, - აღნიშნა წილოსანმა.
მარკ რუტემ „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა: „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატოს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება. მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობეთ“.