Loading data...
ნინო წილოსანი: გაეროში საქართველოს სახელი არასწორი ფორმით იყო ნახსენები, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატებს საქართველოს მიმართ ნეგატიურ ჭრილში ინტერესი არ დაუკარგავთ

„მსოფლიოში არსებობს უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევები, რეგიონში მიმდინარეობს ომი, ამ დროს კი, გაეროში ევროკავშირის ელჩმა მოიცალა, რომ საქართველოზე ტყუილები ისაუბროს და ადამიანის უფლებებზე ცრუ განგაში ატეხოს“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანმა კომენტარი გააკეთა გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განცხადებაზე, რომ „მოუწოდებენ საქართველოს, გააუქმოს ან არსებითად გადასინჯოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა“. განცხადებაში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ „ევროკავშირი გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიის მუშაკებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორთა დაკავებას“.

წილოსანის თქმით, საქართველოში პატიმრობაში მყოფი ადამიანები კანონის შესაბამისად არიან დაკავებული.

„ყველასთვის ნათელია, რომ ჟურნალისტი იყო, თუ აქციის მონაწილე, კანონის შესაბამისად იყო დაკავებული, მაგრამ ამის მიუხედავად, გაეროში საქართველოს სახელი ხმამაღლა იყო ნახსენები და თან, არასწორი ფორმით. ეს კიდევ აჩვენებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატებს საქართველოს მიმართ ნეგატიურ ჭრილში ინტერესი არ დაუკარგავთ. იმ ფონზე, როცა ევროკავშირის დასუსტების პროცესს თავადვე ქმნიან და ხელს უწყობენ, საქართველოზე ეს შეტევები გაუმართლებელი და ირაციონალურია“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.