ნინო წილოსანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: სააკაშვილის გვერდით ჰყავთ მოხსენიებული 4 ოქტომბრის მოქმედი პირები - ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რეზოლუციით ისინი პირდაპირ შეუერთდნენ საქართველოში 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობას
ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოდიან და სააკაშვილს, თუ გადატრიალების მცდელობაში მონაწილე დამნაშავეებს პოლიტპატიმრებად აცხადებენ, არ იქნებიან შორს სწორედ ასეთი დაფინანსებებისგან, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რომელმაც USAID-ის მიერ გასაჯაროებულ ფაილებზე გააკეთა კომენტარი. მან ევროპარლამენტში დღეს მიღებული რეზოლუციაც შეაფასა.
წილოსანის თქმით, USAID-ის მიერ გასაჯაროებული ფაილები პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ევროკავშირის რიგი ინსტიტუციები და სხვადასხვა პოლიტიკოსი საქართველოს წინააღმდეგ სწორედ ასეთ მეთოდებს იყენებდნენ.
„რა თქმა უნდა, ჩვენდა სამწუხაროდ, 4 ოქტომბრის გადატრიალების, თუ ნებისმიერი სხვა გადატრიალებისა, თუ არეულობის სცენარების უკან დგას სწორედ ევროპული ბიუროკრატიის ის ნაწილი, რომელმაც, მაგალითად, დღეს ევროპარლამენტში მიიღო რეზოლუცია, სადაც სააკაშვილის გვერდით ჰყავთ მოხსენიებული 4 ოქტომბრის მოქმედი პირები. ამ რეზოლუციით ისინი პირდაპირ ხელს აწერენ, რომ 4 ოქტომბრის გადატრიალების შემოქმედნი არიან. აქამდე ჩვენ გვერდს ვუვლიდით და რბილად ვამბობდით, რომ დაგმონ 4 ოქტომბერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი კავშირი 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებთან აშკარა იქნება, თუმცა ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რეზოლუციით ისინი პირდაპირ შეუერთდნენ საქართველოში 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობას.
ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოდიან და სააკაშვილს, თუ გადატრიალების მცდელობაში მონაწილე დამნაშავეებს პოლიტპატიმრებად აცხადებენ, არ იქნებიან შორს სწორედ ასეთი დაფინანსებებისგან. შესაძლოა, ჩვენ ახლა ამ ფაილებში კონკრეტული გვარები ვერ აღმოვაჩინეთ, მაგრამ, მაგალითად, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ ჰოლივუდის არაერთი ცნობილი მსახიობი ვიცით, რომელთაც სწორედ USAID უხდიდა თანხას, რათა ჩასულიყვნენ უკრაინაში, კიევში და ეს ერთიანი კამპანიის ნაწილი გამხდარიყო“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.