ნინო წილოსანი ჩუბინიძის საქმეზე: პროცესი მიზნად ისახავდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, რომლის შედეგადაც ზიანი მიადგა გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებსა და მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობას
სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გაზეთ „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტის საქმეს უმრავლესობის წარმომადგენლები ეხმაურებიან.
მმართველი გუნდის განცხადებით, ჩუბინიძე მიზანმიმართულად ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის მიზანიც ქვეყნის ინტერესების დაზიანება იყო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, აღნიშნული ქმედებები საფრთხეს უქმნის როგორც ორმხრივ მოლაპარაკებებს, ისე დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის მიმდინარეობას.
„ფაქტია, გახმაურდა „ასავალ-დასავლის“ მიერ გავრცელებული ტყუილები, რომელსაც მონდომებით ასაჯაროებდნენ და პოპულარიზაციას უწევდნენ. ნათელი გახდა, რომ სერიოზულ დეზინფორმაციაზე გვქონდა საუბარი.
პროკურატურამ, საკითხის მოკვლევიდან გამომდინარე, აღმოაჩინა და სასამართლოზე დაამტკიცებ, რომ ეს პროცესი მიზნად ისახავდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, რის შედეგადაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებსა და აღნიშნულ საკითხზე, მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობას.
იმ მავნებლობას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, კონკრეტული სამართლებრივი შეფასება აქვს, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურამ უკვე კონკრეტული საქმე წამოიწყო“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.