Loading data...
ნინო თანდილაშვილი: სატრანსპორტო სექტორიდან მავნე აირების გაფრქვევა არის ძალიან მავნებელი თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის, იმისთვის, რომ ეს გაფრქვევა ეტაპობრივად შევამციროთ, აუცილებელია, გარკვეული შეზღუდვები შემოვიტანოთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედებაზე და აუცილებელ შეზღუდვებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურების პრობლემა მწვავედ დგას.

„თბილისის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ჰაერის დაბინძურების 62% მოდის ავტომობილებიდან გაფრქვევაზე. 13-დან 11 წერტილზე, სადაც ჩვენ ჰაერს ვაკვირდებით, მავნე ნივთიერებების გადაჭარბება გვაქვს და ეს გამოწვეულია ტრანსპორტიდან მავნე აირების გაფრქვევით. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მავნე აირების გადაჭარბება შეინიშნება არა მხოლოდ მაგისტრალების გასწვრივ, არამედ სარეკრეაციო სივრცეების მიმდებარეც პიკურ საათებში“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მან ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში შემოსული და რეგისტრირებული ავტომობილების მუდმივად მზარდ რაოდენობაზე.

„გასულ წელს დაახლოებით 150 ათასამდე ავტომობილი შემოვიდა და დარეგისტრირდა ქვეყანაში. ეს არის 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 25%-იანი ზრდა ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი რაოდენობის ავტომობილი შემოდის და ეს ავტომობილები ძირითადად კონცენტრირებულია ქალაქებში. საბოლოო ჯამში კი ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად გვეზრდება ჰაერის დაბინძურება.

სატრანსპორტო სექტორიდან მავნე აირების გაფრქვევა არის ძალიან მავნებელი თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის და განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ბავშვები და მოხუცები. იმისთვის, რომ ეს გაფრქვევა ეტაპობრივად შევამციროთ, აუცილებელია, გარკვეული შეზღუდვები შემოვიტანოთ, რათა მინიმუმ ამ რაოდენობის და მასშტაბის სატრანსპორტო საშუალებები აღარ შემოვიდეს ქვეყანაში, ეტაპობრივად განახლდეს ავტოპარკი და ჩანაცვლდეს თუნდაც, უფრო სუფთა ავტომობილებით, იქნება ეს ელექტრომობილი თუ შედარებით ახალგაზრდა ასაკის ავტომობილი. ეს საბოლოო ჯამში დადებითად უნდა აისახოს ჰაერის ხარისხის მდგომარეობაზე“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.