Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიცია ხელისუფლებას აბრალებს, რომ ირანის სასარგებლოდ იღვწის, ეს არის საკუთარი ქვეყნის მტრობა, გუშინ თავადვე აღიარეს, რომ ტერორისტები საქართველოში არ მზადდებიან

ჩვენ დიდი ხანია, ვადევნებთ თვალს ჩვენი ოპოზიციის მხრიდან ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას და როდესაც, რაიმე ცხელი თემა ხდება საერთაშორისო პოლიტიკაში, მაშინვე ხდება საქართველოსთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის დაბრალება, რომ ისინი ამა თუ იმ ქვეყანას უწევენ დახმარებას, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ ნებისმიერ საკითხს ებღაუჭება, რომ როგორმე საკუთარი, ნულს ქვემოთ დაცემული რეიტინგი უცხოელების თვალში წინ წამოსწიოს, რათა საქართველოს ხელისუფლების იმიჯს პრობლემები შეუქმნას“.

„ჩვენ გვახსოვს რუსეთთან დაკავშირებული აჟიოტაჟი მაშინ, როდესაც პირველი დღეები იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის. გვახსოვს განცხადებები, რომ თითქოს, საქართველო ეხმარებოდა რუსეთს და ლამის ისიც დაგვაბრალეს, რომ შეიარაღებასაც ვაწვდიდით რუსეთს და რუსეთის მხარეს ვიბრძოდით უკრაინის ომში. ეს ბრალდებები ყველას გვახსოვს. ახლა ცხელი თემა არის ირანი და შესაბამისად, ოპოზიციამაც არ დააყოვნა. ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლებას აბრალებს, რომ ირანის სასარგებლოდ იღვწის და ირანის სასარგებლო ღონისძიებებს ატარებს.

ხვალ შეიძლება, ეს იყოს ვენესუელა და თქვან, რომ თუ ვენესუელა გახდება ცხელი თემა, საქართველოს ხელისუფლება ვენესუელის ხელისუფლებას ეხმარება. ამიტომ ეს არის არა მხოლოდ უტიფრობა და საკუთარი ქვეყნის მტრობა, არამედ ეს ტენდენცია ისტორიულ ჭრილშიც უნდა დავინახოთ. უნდა გადავხედოთ მოვლენებს და მივხვდეთ, რომ ოპოზიცია ნებისმიერ საკითხს ებღაუჭება, რომ როგორმე საკუთარი, ნულს ქვემოთ დაცემული რეიტინგი წინ წამოსწიოს არა საქართველოსა და ჩვენი საზოგადოების თვალში, არამედ უცხოელების თვალში, რათა საქართველოს ხელისუფლებას შეუქმნას იმიჯური პრობლემები.

ყველამ ძალიან კარგად იცის, და გუშინ თვითონვე აღიარეს, 24 საათიც არ დასჭირდათ ამ ინფორმაციისთვის, რომ არანაირი ტერორისტები საქართველოში არ მზადდებიან“, - აღნიშნა სამხარაძემ.