Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე: ირანის ელჩს ვურჩევ, დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, ეს მისი საქმე არ არის

ირანის ელჩს ვურჩევ, დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, ეს მისი საქმე არ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როცა ირანის ელჩი ორაზროვან განცხადებას აკეთებს, მათ შორის ისტორიულ ფაქტებთან მიმართებიტ.

„მინდა, მას შევახსენო, რომ თავის დროზე, საქართველოსა და სპარსეთს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მძიმე ისტორია არსებობს და ეს ნებისმიერი ქართველისთვის მგრძნობიარე საკითხია. მას ვურჩევ, რომ დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არ არის. თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ირანის ელჩი ალი მოჯანი ქეთევან წამებულზე წერს: „მალე მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს. წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე. შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“.