ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირს სურს, რომ რუსეთთან მიმართებით მათი პოლიტიკა გავიზიაროთ, მაგრამ მათ კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველო არც ნატოს წევრია და არც ბირთვული ქოლგა იფარავს, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და რუსული ძალები ჩვენგან დაახლოებით 35-40 კილომეტრში დგანან
საქართველო არ არის სამხედრო ალიანსის წევრი და არ იცავს ბირთვული ქოლგა, რის გამოც რუსეთთან მიმართებით ევროკავშირის პოლიტიკის სრული გაზიარება ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში ისაუბრა.
სამხარაძის განმარტებით, 2022 წლამდე ევროპელი პარტნიორები თბილისს თავად მოუწოდებდნენ ესკალაციის თავიდან არიდებისკენ.
„ჩვენთვის გასაგებია, რომ ევროკავშირი დღეს არის საკმაოდ დაძაბულ ურთიერთობებში რუსეთთან და ევროკავშირს სურს, რომ ჩვენ მათი პოლიტიკა გავიზიაროთ რუსეთთან მიმართებით. ამაში ახალი და მოულოდნელი არაფერია, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ და ასევე, ევროპელებმა კარგად უნდა გააცნობიერონ ის ფაქტი, რომ საქართველო არ არის არც სამხედრო ალიანსის წევრი, საქართველოს არ იფარავს არც რაიმე ბირთვული ქოლგა და საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და რუსული შეიარაღებული ძალები ჩვენგან დაახლოებით 35-40 კილომეტრში დგანან.
შესაბამისად, ის, რომ ჩვენგან ითხოვენ, რომ მოვიქცეთ, როგორც იქცევა, მაგალითად, რუმინეთი, ესტონეთი, ან ნებისმიერი სხვა, ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა, აპრიორი არის არასწორი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ ევროკავშირს სურს, რომ საქართველო იხილოს მის მომავალ წევრად, მაშინ ევროკავშირი, პირიქით, ჩვენ უნდა გვეუბნებოდეს, რომ შეეცადეთ, არ შეხვიდეთ ესკალაციაში. რასაც გვეუბნებოდნენ, ყოველთვის ევროკავშირის გზავნილი ჩვენ მიმართ იყო ის, რომ შეეცადეთ, არ შეხვიდეთ ესკალაციაში რუსეთთან, დაწიეთ ტონი, დაწიეთ ესკალაციის მასშტაბი. ეს ყველაფერი ჩვენ კარგად გვახსოვს 2022 წლამდე, დახურულ კარს მიღმა, თუ ღია საუბრებში ასეთი მოწოდებები ისმოდა ევროკავშირისგან.
ახლა, 2022 წლის მერე, სიტუაცია შეიცვალა, ევროკავშირისთვის შეიცვალა სიტუაცია რუსეთთან დამოკიდებულებაში, თუმცა საქართველოსთვის არც რუსეთთან დამოკიდებულებაში არ შეცვლილა სიტუაცია, იმიტომ, რომ ჩვენ იგივე ვითარება გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, რაც გვქონდა 2022 წლამდე და რაც გვქონდა მაშინ, როდესაც ევროპელები გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არ უნდა შევიდეთ ესკალაციაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.