ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა უვიზო მიმოსვლას დიდი სიფრთხილით ეკიდება, იმედი მაქვს, მათში ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს

„იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან, რომლებიც საქართველოში დემონსტრაციებზე გამოდიოდნენ, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერეოდნენ და საზოგადოებას მოუწოდებდნენ, რომ ხმა ოპოზიციური პარტიებისთვის მიეცათ, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს დასჯას ითხოვენ, საქართველოს მიმართ მათი ქმედებები გასაგებია“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც სამხარაძემ განაცხადა, უვიზო მიმოსვლა საქართველოს მიღებული აქვს კონკრეტული შეთანხმების საფუძველზე, რომელიც საქართველოს მხრიდან არ დარღვეულა.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა უვიზო მიმოსვლას დიდი სიფრთხილით ეკიდება და იმედი მაქვს, რომ მათში ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს, რადგან საქართველოს და მის ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც თუნდაც იმ სავიზო შეთანხმებაში არ წერია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს.
მინდა, ყველას შევახსენო, რომ უვიზო მიმოსვლა მიღებული გვაქვს კონკრეტული შეთანხმების საფუძველზე, რომელიც საქართველოს მხრიდან არ დარღვეულა. თუ ისინი სასამართლოს თემებს განიხილავენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის წესით ისჯება. ევროკავშირის მიმართ ნდობის გაუარესებული მაჩვენებელია, რომელიც თავად ევროკავშირმა აჩვენა და თუ ეს არის მიზანი, რომ ნდობა უფრო გაუარესდეს, მაშინ შეუძლიათ, ეს გადაწყვეტილება მიიღონ, მაგრამ არ მგონია, ევროკავშირის ინტერესებში შედიოდეს, რომ საზოგადოებაში დაბალი ნდობა იყოს ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ. ევროკავშირმა სწორედ ამ სტანდარტით და მიზნებით უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.