ნიკოლოზ მეტრეველი: უნივერსიტეტების გაერთიანება არ ნიშნავს დახურვას, საუბარია სრულუფლებიან შერწყმაზე. ეს არ არის სააკაშვილის ხელისუფლება, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს საკუთარ მეცნიერებზე და სტუდენტებზე
ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ვნახეთ სააკაშვილის განცხადება, რომელიც დარდობს განათლების სისტემაზე და ამაზე მეტი უტიფრობა და ცინიზმი რა შეიძლება იყოს - ადამიანს, მის ოჯახს აქვს მიტაცებული სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება 1 ლარად. განათლების რეფორმაზე დარდობენ თურმე, ეს ადამიანი და მისი გარემოცვა, რომლებმაც წლების განმავლობაში უდიდესი ზიანი მიაყენეს განათლების სისტემას. შესაბამისად, გასაგებია, რომ რადიკალური ძალებისგან მოედინება დეზინფორმაციის ნიაღვარი“, - აღნიშნა მეტრეველმა.
მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის დაგეგმილ გაერთიანებაზეც ისაუბრა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურას და სტუდენტებს მიმართა, რომ „გაერთიანება არ ნიშნავს დახურვას, საუბარია სრულუფლებიან შერწყმაზე. ეს არ ნიშნავს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მატერიალური ბაზა განადგურდება ან რომელიმე მეცნიერი ან ადმინისტრაციის წარმომადგენელი იქნება სამსახურიდან გათავისუფლებული“.
მას მიაჩნია, რომ ნებისმიერი სტუდენტისთვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
„ამაზე მკაფიოდ ისაუბრა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდება არც ქონების გასხვისება და არცერთი ღირსეული ადამიანის რაიმე სახით დაჩაგვრა. ეს არ არის სააკაშვილის ხელისუფლება, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს საკუთარ მეცნიერებზე და სტუდენტებზე. ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ოცნებობს, რომ რაც შეიძლება კარგ უნივერსიტეტში ჩააბაროს. აქედან გამომდინარე შეუძლებელია, ლოგიკურად რომელიმე სტუდენტს, რომელსაც არ აქვს რაიმე სახის პოლიტიკური ხედვა და გემოვნება, არ მოსწონდეს ეს რეფორმა.
ნებისმიერი სტუდენტისთვის ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს ამ რეფორმას და უამრავი ღვაწლმოსილი ადამიანია ჩართული. ბუნებრივია, დესტრუქციულ ძალებს უნდათ, რომ შესაძლოა, გია ნოდია, ლევან რამიშვილი ან დიმიტრი შაშკინი იყვნენ ჩართული, რომლებიც ღვაწლმოსილ ხალხს სისხლის დალევით ემუქრებოდნენ. ალბათ, ახალაია რომ იყო გარეთ, მის ჩართვასაც მოითხოვდნენ განათლების რეფორმაში. მინდა, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტობასაც და აკადემიურ პერსონალსაც მივმართო - თუ გაქვთ სურვილი, არის აბსოლუტური გახსნილობა, მინისტრი და მისი მოადგილეები სრულ მზაობას აცხადებენ დიალოგისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.