Loading data...
მიხეილ სარჯველაძე: სწორი ეკონომიკური პოლიტიკა იძლევა პენსიის დაგეგმილზე მეტად ზრდის შესაძლებლობას

„სწორად დაგეგმილი ბიუჯეტი იძლევა ყოველწლიურად პენსიის მატების შესაძლებლობას. ერთია, რომ საკანონმდებლო გარანტია არსებობს პენსიისა და სოციალური უზრუნველყოფის ზრდისთვის და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იზრდება ხშირ შემთხვევაში იმაზე მეტად, ვიდრე ეს საკანონმდებლო ვალდებულებითაა გათვალისწინებული“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრმა 1-ელი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ჩნდება დამატებითი რესურსი და ის აბსოლუტურად გონივრულად ხმარდება მათ შორის იმ მოქალაქეთა სოციალურ საჭიროებებს, ვისაც შესაძლოა, ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდეს.

მიხეილ სარჯველაძე აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ხშირ შემთხვევაში, მათი გამოსვლები პოპულისტურია და რეალობასთან კავშირი არ აქვს.

„ქვეყნის ეკონომიკას უნდა ჰქონდეს ასეთი ხარჯების ზიდვის შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში ეს გახდება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. უპასუხისმგებლოდ არასწორი დაპირებების გაცემა და გადაწყვეტილებების პროვოცირება შეიძლება ძალიან დიდი საფრთხეების შემცველი იყოს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.