მიხეილ სარჯველაძე: ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგის რეგულაცია მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებს დაუახლოვდა, თუმცა უახლოეს მომავალში გარკვეული შეღავათები იგეგმება
„დაახლოებით ერთი წლის წინ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მივიღეთ გადაწყვეტილება ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვაზე კონტროლის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებასთან დაკავშირებით. ახლა
კომერციული ინტერესი ნაკლებად კარნახობს ვინმეს, რომ მეტი იყოს ამის მოხმარება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის აღნიშნული ინიციატივისა და დაწესებული მკაცრი რეგულაციების შედეგად, ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვა მკაცრ კონტროლს დაექვემდებარა, რამაც
კომერციული ინტერესები შეზღუდა.
მინისტრის თქმით, 18 ფსიქოტროპული პრეპარატიდან უმრავლესობაზე ქვეყანაში გადახარჯვა და ნორმაზე ბევრად მაღალი მოხმარება ფიქსირდებოდა, ვიდრე ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განსაზღვრავს. თუმცა, ბოლო თვეების მონაცემებით, მოხმარება დასტაბილურდა და 18-დან 17 მედიკამენტზე მაჩვენებელი ჯანმოს დადგენილ ნორმებს დაუახლოვდა.
რაც შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტის 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესს, მინისტრის განმარტებით ამ გადაწყვეტილების დისკომფორტის მიუხედავად, მან ქვეყანას უმნიშვნელოვანესი შედეგი მოუტანა.
„ეს დოკუმენტაციაც მომზადებულია და უახლოეს მომავალში ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება. გარკვეული შეღავათი გაჩნდება, თუმცა ეს ვერ იქნება აბსოლუტური ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანი სიკეთე იქნა მიღწეული მათ შორის ამ რთული გადაწყვეტილებით, დისკომფორტული გადაწყვეტილებით, მაგრამ ძალიან
დიდი სიკეთის მომტანი გადაწყვეტილების შედეგად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, სახელმწიფომ ამ პროცესებზე დაკვირვებასა და მეთვალყურეობას მომავალშიც გააგრძელებს, რათა ობიექტური საჭიროების მქონე პაციენტები ზედმეტად არ წუხდებოდნენ.